ოთარ ფარცხალაძე

ოთარ ფარცხალაძე ჩვენი კლიენტი არ არის – ლიბერთი ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 19 სექტემბერს საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. 

ტაბულა დაუკავშირდა ლიბერთი ბანკს იმის გასარკვევად, დაუშვებს თუ არა ბანკი გარკვეულ გამონაკლისებს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების მიუხედავად.

ლიბერთი ბანკის წარმომადგენლის თქმით, ბანკი სანქციების დაცვის შესახებ კომენტარს ამჟამად ვერ გააკეთებს, რადგან სანქციები მათ კლიენტებს არ ეხებათ. 

"ჩვენი კლიენტი არ არის, ვიზეც საუბარია". – ამბობენ ლიბერთი ბანკში. 

ლიბერთი ბანკთან ერთად ტაბულა ესაუბრა TBC-სა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს. ორივე ბანკში ამბობენ, რომ ისინი ეროვნული ბანკის გუშინდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, საერთაშორისო სანქციების შესაბამისად იმოქმედებენ. 

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა. მისივე მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიც.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".

ამის შემდეგ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. კანონმდებლობით, პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა უწყდება. 

ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა". პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მას "დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს".

 

კომენტარები