ოთარ ფარცხალაძე

ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვა არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას უწოდებს. 

მისი თქმით, მაშინ როდესაც მხოლოდ ბრალდებები ჟღერდება და არ ქვეყნდება არანაირი მტკიცებულება ამ ბრალდებების დასამტკიცებლად, რთულია, რაიმე სახის რეაგირება მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა უმთავრესად საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით.

"ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგეება საქართველოს კონსტიტუციას და კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე არის საუბარი. თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია". - თქვა ირაკლი კობახიძემ.


შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძეს ქართულმა ბანკებმა ყველა ანგარიში გაუყინეს. ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. ამიტომ საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს შეუზღუდოს პირად აქტივებზე წვდომა და ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ს უწყება აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია და იგი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობდა. 

კომენტარები