მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლება წითელი ჯვრის ტვირთის ორი გზით "სინქრონულ" მიწოდებას დათანხმდა

ლაჩინის დერეფანი

მთიან ყარაბაღში საკვები პროდუქტების არსებული კრიზისის ფონზე, სეპარატისტული ე.წ. ხელისუფლება დათანხმდა ჰუმანიტარული ტვირთის ორი მარშრუტით: გორისი-სტეფანაკერტისა და აღდამი-სტეფანაკერტის გზებით.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ერთობლივი შეთავაზება მიიღეს, რათა რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი შევიდეს. ამას გარდა, განცხადების მიხედვით, ყარაბაღელი სეპარატისტები ცდილობენ დაგეგმონ შეხვედრა, რომელზეც აზერბაიჯანის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდებიან.

"აზერბაიჯანის მიერ არცახის ბლოკადაში მოქცევის შედეგად გაჩენილი კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება. ხელისუფლება ამ რთულ პირობებში დაკავებულია მარცვლეულის მოგროვებითა და პურის მწარმოებელი მაღაზიებისთვის ფქვილის მიწოდებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების 200 გრამი პურით ყოველდღიური უზრუნველყოფა ტალონების სისტემით ყოველთვის არაა შესაძლებელი.

ქვეყანაში გაღრმავებული კატასტროფისა და სიტუაციის გათვალისწინებით, არცახის რესპუბლიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიიღოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სტეფანაკერტის ოფისისა და რუს მშვიდობისმყოფელთა ჯგუფის სარდლობის ერთობლივი შეთავაზება ჰუმანიტარული ტვირთის სინქრონულ ტრანსპორტირებაზე ბერძორის (რედ. - ლაჩინის) დერეფნის გავლით, გორისი-სტეფანაკერტის ტრასითა და აკნა-სტეფანაკერტის (რედ. - აკნა, იგივე აღდამი) გზით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანების გამოყენებით (უცხოური წარმოშობის საქონელი).

ამ პროცესის ორგანიზება საჭიროა როგორც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის უვნებელყოფის, ასევე ბერძორის დერეფნის გავლით ჰუმანიტარული ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.

ასევე გაცნობებთ, რომ შუამავლები მუშაობენ არცახისა და აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე, რესპუბლიკაში ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სიტუაციის შემსუბუქებისა მიზნით.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, ამ ორ მარშრუტს ბაქო სეპარატისტებს დიდი ხანია სთავაზობდა და ეს საკითხი სხვადასხვა დონეებზე განიხილებოდა. მისი მტკიცებით, მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად, სომხეთი და თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლება მსგავსი ტრანსპორტირების გზის შექმნას ხელს უშლიდა. სპიკერის თქმით, აზერბაიჯანული მხარე მზადაა აღდამ-ხანქენდისა (რედ. - სტეფანაკერტი) და ლაჩინ-ხანქენდის გზებს ორგანიზაცია კანონმდებლობის შესაბამისად გაუწიოს.

ბოლო თვეების მანძილზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საკვების გზების ბლოკირების გამო მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. აზერბაიჯანმა დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. 2023 წლის ზაფხულში მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შიმშილის პირას აღმოჩნდა.

12 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შეუშვა.

კომენტარები