ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დავაკავეთ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და რეალიზაციის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე დააკავა. 

შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ ნივთიერებებს ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.

"სამართალდამცველებმა ო.ო. ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 102 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 156 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონია ამოღებული." - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები