მოლდოვა

THE INSIDER: მოლდოვიდან გაძევებული SPUTNIK MOLDOVA-ს ხელმძღვანელი რუსული არმიის ოფიცერია

Sputnik Moldova-ს ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი
Ria.ru/Natalya Ayryan

The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიებით, რადიო სპუტნიკის ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი, რომელიც მოლდოვიდან გააძევეს, სავარაუდოდ რუსული არმიის ოფიცერია.

"დენისოვი ირიბადაა დაკავშირებული ჟურნალისტიკასთან და, სავარაუდოდ, არის 72-ე სპეცსამსახურის ცენტრის (სამხედრო განყოფილება 54777) ოფიცერი, რომელიც, ГРУ-ს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩართულია ინფორმაციისა და დეზინფორმაციას გავრცელებაში უცხოური აუდიტორიისთვის". - ნათქვამია The Insider-ის სტატიაში. 

გამოძიების თანახმად, დენისოვი დაიბადა იმდროინდელი უკრაინის სსრ ტრანსკარპატების რეგიონში, საბჭოთა პერიოდში სწავლობდა ლვოვის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ სკოლაში (მოგვიანებით მის ბაზაზე შეიქმნა უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემია). 1992 წელს საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში, ასევე იყო თავდაცვის სამინისტროს მთავარი ბეჭდვითი ორგანოს, გაზეთ კრასნაია ზვეზდას თანამშრომელი, 2005 წელს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ბინა, ხოლო 2013 წლის მონაცემებით მუშაობდა მოსკოვის მთავარ საგამოძიებო სამმართველოში.

The Insider-ი თავდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დენისოვი საგამოძიებო კომიტეტიდან გადავიდა 72-ე სპეციალური სამსახურის ცენტრში, რომელიც, სავარაუდოდ, ჩართულია ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში უცხო აუდიტორიისთვის. სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ შესაძლოა, 2016 წელს დენისოვს პოლკოვნიკის წოდებაც მიენიჭა. 2019 წლიდან ის სპუტნიკის ფილიალს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, შემდეგ აზერბაიჯანში, ხოლო 2022 წლიდან მოლდოვაში ხელმძღვანელობს. 


13 სექტემბერს მოლდოვიდან რადიო სპუტნიკის ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი გააძევეს. დეპორტირებული რუსი ჟურნალისტი ეჭვმიტანილია "ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში". 

გენერალური ინსპექციის საიტზე წერია, რომ 56 წლის რუსეთის მოქალაქე მიჩნეულ იქნა არასასურველ პირად. მას მოლდოვის ტერიტორიაზე 10 წლით შემოსვლა ეკრძალება.

მოლდოვიდან დენისოვის გაძევების ფაქტი გააკრიტიკა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, რომელიც პრორუსულ პოლიტიკოსად და ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერად ითვლება.

კომენტარები