ქარელის მუნიციპალიტეტი

თავისუფლების ინსტიტუტი: ქარელში ფანჩატურებსა და რუსულ ტრენაჟორებში 318 423 გადაიხადეს

თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტმა ფანჩატურებსა და რუსულ ტრენაჟორებში 318 423 ლარი გადაიხადა.

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 2023 წლის მაისში გამოაცხადა თერთმეტ ლოკაციაზე ტრენაჟორებისა და ფანჩატურების მოსაწყობად. ტენდერში კი მონაწილეობა მხოლოდ შპს ჯეო პარკმა მიიღო და გაიმარჯვა.

"ტექნიკური დოკუმეტაციის გაცნობისას აღმოჩნდა, რომ კომპანია შპს ჯეო პარკი რუსული ROMANA-ს მარკის ტრენაჟორებს დაამონტაჟებს. თერთმეტ ლოკაციას შორისაა დევნილთა დასახლება - რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს რუსეთში დამზადებული ტრენაჟორები უკვე დაუდგეს. 

სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-12 პრიმა მუხლის მეექვსე ნაწილი ქარელის მუნიციპალიტეტს აძლევდა შესაძლებლობას, კანონის სრული დაცვით იმგვარად შეედგინა სატენდერო დოკუმენტები, რომ რუსული ნაწარმის შემომტან კომპანიას არ მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში და სხვა მეზობელ ევროპულ ქვეყნებშიც ამზადებენ ტრენაჟორებსა და საჩრდილობელ ფანჩატურს, მაგრამ ქარელის მუნიციპალიტეტმა ეს არ გაითვალისწინა და ხელშეკრულება გაუფორმა რუსული პროდუქციის შემომტანს, რომელსაც ბიუჯეტის ფული 328 423 ლარი გადაუხადა". - წერს თავისუფლების ინსტიტუტი.

თავისუფლების ინსტიტუტი მმართველობის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ შპს ჯეო პარკმა 2011-2023 წლებში კომპანიამ 268 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 36,898,131 ლარი მიიღო. ტრენაჟორების შესასყიდად გამოცხადებული 20 ტენდერიდან კი, კომპანიამ 19-ში უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა.

"ქართული ოცნება, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ბიუჯეტის თანხით რუსული წარმოშობის არაერთ პროდუქციას ყიდულობს, რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხის გაუთვალისწინებლად. რუსეთის უკრაინაში შეჭრის, ომის დაწყების და საქართველოს პარტნიორების მხრიდან რუსეთზე სანქციების რამდენიმე პაკეტის დაწესების შემდეგაც არ შეცვლილა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ-ეკონომიკური ხედვა.

უცნობია, რა ალტერნატიულ გზას პოულობენ ქართული კომპანიები ანგარიშსწორებისთვის, როდესაც რუსეთი საერთაშორისო სავაჭრო სივრციდან, სვიფტიდან, გათიშულია". - წერს თავისუფლების ინსტიტუტი.

კომენტარები