ნორვეგია

ნორვეგიის პრინცესა ამერიკელ თვითგამოცხადებულ შამანზე ქორწინდება

ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუისი მომდევნო ზაფხულში ამერიკელ თვითგამოცხადებულ შამანზე, დურეკ ვერეტზე ქორწინდება. 

წყვილმა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია 2022 წლის ივნისში გაავრცელა, რასაც გამოეხმაურა ნორვეგიის მეფე, ჰერალდ V. 

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დურეკ ვერეტი გახდება ჩვენი ოჯახის წევრი და მათთან ერთად განსაკუთრებული დღის აღნიშვნის მოლოდინში ვართ. მარტას და დურეკს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ". – ვკითხულობთ მეფისა და დედოფლის განცხადებაში.

გასულ წელს, პრინცესა მარტამ საქმროსთან ერთად ალტერნატიული მედიცინის ბიზნესის წარმოებისთვის უარი თქვა სამეფო ვალდებულებებზე.

დურეკ ვერეტი ამერიკელი ბიზნესმენი, ავტორი და თვითგამოცხადებული შამანია. ის Covid-19-ის პანდემიის დროს ინტერნეტში ყიდდა მედალიონებს, რომლებიც, მისი თქმით, ადამიანებს ვირუსისგან იცავს.

ასევე, ის ამტკიცებს, რომ მკვდრეთით აღდგა და 9/11-ის ტერაქტი ტრაგედიამდე ორი წლით ადრე იწინასწარმეტყველა. 

2007-2018 წლებში პრინცესა მარტა ნორვეგიაში ხელმძღვანელობდა ალტერნატიული თერაპიის ცენტრს, რომელიც, მისი თქმით, ალტერნატიული მედიცინის გამოყენებით "ეხმარება ადამიანებს დაამყარონ კომუნიკაცია ანგელოზებთან". 

პრინცესა მარტა ლუისი მეფე ჰერალდ V-ს უფროსი შვილია. ტახტის მემკვიდრე, მისი უმცროსი ძმა, პრინცი ჰააკონი იქნება. 

 

კომენტარები