NATO

NATO ბულგარეთში ახალ სამხედრო ბაზას ააშენებს

ბულგარელი სამხედროები
Stoyan Nenov/Reuters

NATO ბულგარეთის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ბაზას ააშენებს. სიახლე ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა ტოდორ ტაგარევმა დაადასტურა.

"აუცილებელი ინფრასტრუქტურის, როგორიც არის ყაზარმები, ტექნიკის შესანახი შენობები და საგზაო ქსელი, მშენებლობა 55 მილიონი დოლარი დაჯდება. საბოლოოდ მივიღებთ მცირე ზომის სამხედრო ქალაქს. სამხედრო ბაზის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება". – ამბობს ტაგარევი.

სამხედრო ბაზის განთავსების ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობა ამ ეტაპზე უცნობია. 

მიმდინარე წლის ივლისში ბულგარეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლაი დენკოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას იწყებს. თავდაცვის სამინისტრო 16 ერთეული F-16 მოდელის თვითმფრინავისა და ორი მრავალმიზნობრივი სამხედრო გემის შეძენას აპირებს. გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ NATO-ს სამხედრო კონტინგენტი ბულგარეთის ტერიტორიაზე 5000 კაცით გაიზრდება.

ბულგარეთი 2004 წლიდან NATO-ს წევრი ქვეყანაა. ალიანსის ფარგლებში ქვეყანა მასშტაბური გაფართოების ფარგლებში 6 სხვა ქვეყანასთან ერთად შევიდა. ბულგარეთის ტერიტორიაზე ამჟამად 4 სამხედრო ბაზაა განთავსებული, რომლებზეც ერთდროულად 2.5 ათასი ჯარისკაცის დაბანაკებაა შესაძლებელი.

კომენტარები