უკრაინის სამხედრო დაზვერვა

ბუდანოვი: ჩრდილოეთ კორეა თვეზე მეტია რუსეთს იარაღს აწვდის

კიმ ჩენ ინი და პუტინი რუსეთში, 2023 წლის 13 სექტემბერი.
კრემლი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის კირილო ბუდანოვის თქმით ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღს 1.5 თვეა აწვდის.

"რუსეთის ფედერაცია ჩრდილოეთ კორეისგან 122 და 152 მილიმეტრიან ჭურვებს, ასევე გრადის სისტემის რაკეტებს იღებს. ჩრდილოეთ კორეა რუსეთს შეიარაღებით თვენახევარია ამარაგებს". – ამბობს ბუდანოვი გამოცემა NV-სთან ინტერვიუში.

დაზვერვის უფროსი ამ სიტყვებით რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ვიზიტს გამოეხმაურა.


12 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში პირადი ბრონირებული მატარებლით ჩავიდა. 13 სექტემბერს კიმი ვლადიმირ პუტინს კოსმოდრომ ვოსტოჩნიზე შეხვდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ერთად რუსეთში ჩავიდნენ ქვეყნის სამხედრო შტაბის მაღალჩინოსნები. დასავლური დაზვერვის ინფორმაციით შეხვედრის მთავარი მიზანია ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შეძენა. 

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებას განიხილავენ. კორეის ლიდერი კი რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელის.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, თუ ფხენიანი მოსკოვს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იარაღს მიაწვდის, ეს "ჩრდილოეთ კორეაზე კარგად არ აისახება და საერთაშორისო საზოგადოებაში ამისთვის ფასს გადაიხდიან".

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით რუსეთს აშშ-ს გაფრთხილება არ აინტერესებს.

კიმი საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით ოთხი წლის განმავლობაში პირველად გაემგზავრა.

კრემლში განაცხადეს, რომ ლიდერები შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობას, რეგიონალურ პრობლემებსა და საერთაშორისო ამბებს განიხილავენ.

შეხვედრაზე კიმ ჩენ ინმა განაცხადა: "ვიმედოვნებთ, ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში".

კომენტარები