საპრეზიდენტო არჩევნები 2018

სააკაშვილი: 2018-ში რომ არ ყოფილიყო ბაქრაძის კანდიდატურა, ოპოზიცია პირველივე ტურში მოიგებდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია ფორმულასთან წერილობით ინტერვიუში აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დავით ბაქრაძეს "ცალკე საპრეზიდენტო კანდიდატურა" რომ არ ჰქონოდა, ოპოზიცია პირველივე ტურში "დიდი უპირატესობით" მოიგებდა.

"ივანიშვილმა ბერჯერ სცადა ნაციონალური მოძრაობის დაშლა, ზოგჯერ ეს ხდებოდა მისი ჩარევის გარეშეც ცნობილი სახეების ამბიციების გამო, ამან ჩვენი საერთო საქმე ძალიან დააზარალა. 2018 წელს რომ არ ყოფილიყო ბაქრაძის ცალკე საპრეზიდენტო კანდიდატურა - ოპოზიცია პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს და ისტორია სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ნაციონალური მოძრაობა ახლა უნდა იყოს უფრო გახსნილი და უფრო მეტი შიდა დემოკრატიით - ვიდრე ოდესმე". - ამბობს სააკაშვილი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ევროპული საქართველოს კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ 10.97% - 174 849 ხმა მიიღო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 37.74% - 601 224 ხმა მიიღო, ხოლო ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა 615 572 ხმით - 38.64% აიღო.

კომენტარები