რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი ბრიტანეთს უკრაინულ ატომურ ობიექტებზე დარტყმაზე პროვოცირებაში ადანაშაულებს

ვლადიმირ პუტინი აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, 2023 წლის 12 სექტემბერი.
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, დიდი ბრიტანეთი ამზადებდა უკრაინელ დივერსანტებს, რომლებზეც კრემლი ირწმუნება, რომ რუსულ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას გეგმავდნენ.

როგორც პუტინი ირწმუნება, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გაანადგურა დივერსანტების ჯგუფი, რომელთაგან ზოგიერთი ტყვედ აიყვანეს.

"მიმდინარეობს დაკითხვა, რომელთა მიხედვითაც ირკვევა: მათი დავალება იყო ზიანის მიყენება ჩვენი ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგურისთვის, ელექტრომომარაგების სადენის განადგურება, რათა საბოლოო ჯამში ენერგეტიკულ დანადგარს მუშაობა შეეწყვიტა". – თქვა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, დივერსანტებს ბრიტანული სპეცსამსახურები ამზადებდნენ. მისივე თქმით, ეს რუსეთის პროვოცირებაა, იმოქმედოს უკრაინული ატომური ობიექტების წინააღმდეგ.

"ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა. ამასთან ერთად, მათ დაკითხვაზე თქვეს, რომ მათ ბრიტანელი ინსტრუქტორები ამზადებდნენ. მათ საერთოდ ესმით რასთან თამაშობენ, თუ არა? რა, ჩვენ პროვოცირებას ახდენენ უკრაინულ ატომურ ობიექტებზე, ატომურ ელექტროსადგურებზე ჩვენი საპასუხო ქმედებისთვის?". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, შეიძლება ბრიტანეთის მთავრობამ მათი სპეცსამსახურების საქმიანობის შესახებ არაფერი იცის და ისინიც "ამერიკელების მითითებებით მოქმედებენ".

"ვიცი, ჩემი სიტყვების შემდეგ დაიწყება ისევ: ეს კიდევ ერთი მუქარაა, ბირთვული შანტაჟი და ა.შ. გარწმუნებთ, რომ ეს აბსოლუტური, სუფთა სიმართლეა, რაც ახლა ვთქვი". – თქვა პუტინმა.

პუტინი "სერიოზული შედეგებით" დაიმუქრა.

"მაგრამ მე დარწმუნებული არ ვარ, ესმის თუ არა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას, ეს რას ნიშნავს. ასეთ რაღაცები მართლაც შემაშფოთებელია, რადგან ისინი ზღვარს ვერ გრძნობენ, როგორც ჩვენთან ამბობენ. შესაძლოა მივიდეთ სერიოზულ შედეგებამდე". – თქვა პუტინმა.

პანელის მოდერატორის დაკონკრეტებას, რომ "თავის მხრივ ესმით, რომ ატომურ ენერგოსტრუქტურას არ დაარტყამენ", პუტინმა უპასუხა: "მე გითხარით, რომ, შეიძლება, ისინი ამ ქმედებაზე ჩვენ პროვოცირებას ახდენენ". 

კომენტარები