გერმანია-უკრაინა

ბერბოკი: ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში ვიზიტის დროს, 11 სექტემბერი

კიევში დაუგეგმავი ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია. განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"ბომბების სეტყვის ქვეშ, რუსული ტანკების წინაშე, უკრაინა თავდაჯერებულად და გადამწყვეტად დაადგა ევროკავშირისკენ გზას. უკრაინა დიდი გამბედაობითა და მონდომებით, ყველა ჩვენგანის თავისუფლებას იცავს. ამ გზაზე კიევს შეუძლია ბერლინის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან გერმანია დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია". - წერია განცხადებაში.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ბერბოკის ვიზიტის მთავარი მიზანი ელექტროენერგიის მიწოდებისა და დაცვის გარანტირება იქნება. ამავდროულად, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, საყურადღებოა წყლისა და გათბობის საკითხები რუსეთის მიერ ინფრასტრუქტურაზე მოსალოდნელი თავდასხმების ფონზე.

გარდა ამისა, როგორც სამინისტრო წერს, გერმანიასა და უკრაინას სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სურთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა, ქვანახშირის გამოყენებაზე თანდათანობით უარის თქმა, ელექტროქსელების სტაბილური მუშაობა და ენერგოეფექტური საცხოვრებლების მშენებლობა.

პარალელურად, მხარეებს შორის საუბარი შედგება ჩერნობილის ბირთვული გამორიცხვის ზონაში ქარის ენერგიის სადგურების მშენებლობაზე.

"ტერიტორია, რომელიც ოთხი ათწლეულის წინ ბირთვული კატასტროფის შედეგად დაზარალდა, შესაძლოა იქცეს კიევის სუფთა და კლიმატისთვის უსაფრთხო მწვანე ენერგიის სიმბოლოდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე". - წერია განცხადებაში.

კომენტარები