ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი შოვზე: ღარიბაშვილი-გომელაურის მიმართ გულგრილობის მუხლით საქმე უნდა აღიძრას

ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, კორუფციულ გარიგებასა და თანამდებობრივ გულგრილობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ გამოძიება თანამდებობრივი გულგრილობის მუხლით უნდა დაიწყოს, თბილისის მერი კახა კალაძე და ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი - შოვში კორუფციულ ინტერესებში არიან ჩართულნი.

"ნაციონალურ მოძრაობაში გამარჯვების პლატფორმაში შექმნილმა კომისიამ იმუშავა, შუალედური დასკვნა საზოგადოებას გავაცანით, არის კონკრეტული მიგნებები შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ხელისუფლების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, თანამდებობრივი გულგრილობა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.'' - ამბობს ხაბეიშვილი.

ენმ-ის თავმჯდომარის შეფასებით, "მთავარი სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელმაც თანამდებობრივი გულგრილობა გამოიჩინა", ირაკლი ღარიბაშვილია.

"მეორე მთავარი დამნაშავე, ვისი თანამდებობრივი გულგრილობის შემდეგაც მოხდა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, არის ბატონი გომელაური, რომელიც ასევე სისხლის სამართლის დამნაშავეა და ამ ორი ადამიანის კისერზე არის ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათ შორის, შოვის ტრაგედიის დროს, მათი უმოქმედობის გამო, კრიტიკულ საათებში რომ მიატოვეს ჩვენი მოქალაქეები, ამ ორ ადამიანზე, თანამდებობრივი გულგრილობის მუხლით უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

მნიშვნელოვანია ასევე კონკრეტული ახალი მიგნებები, რომლებიც უკავშირდება კობახიძე-კალაძის კორუფციულ ინტერესებს რაჭაში, შოვში და საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პარალელურად არის ახლო ნათესაურ კავშირში კობახიძესთან, რომელიც ასევე გასცემდა კონკრეტულ ნებართვებს ან თვალს ხუჭავდა უკანონო მშენებლობებზე და შესაბამისად, გამოკვეთილია რამდენიმე თანამდებობის პირი. ირაკლი ღარიბაშვილი, ბატონი გომელაური, კობახიძე და კალაძე" - ამბობს ხაბეიშვილი.


რაჭაში, შოვში მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა. ამ დრომდე იპოვეს 32 ადამიანის ცხედარი, კიდევ ერთ არასრულწლოვანს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისა და 116-ე – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლებით დაიწყო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. 

კომენტარები