აშშ-რუსეთის პატიმრების გაცვლის პროცესი

WSJ: პუტინს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლება სურს

ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში სასჯელს იხდის

The Wall Street Journal-ის თანახმად, მოსკოვი ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდებული რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

WSJ-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 2021 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩეველს ნიკოლაი პატრუშევს დაავალა, კრასიკოვის გასათავისუფლებლად პატიმრების გაცვლის შესაძლებლობა შეესწავლა. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ კრასიკოვის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთში გასამართლებული ამერიკელი საზღვაო ვეტერანი, პოლ უილანი და The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩის სახელები წამოიწია. 

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, გამორიცხული არაა, აშშ და რუსეთი პატიმრების გაცვლის უფრო რთულ სქემაში ჩაერთონ, რომელშიც პოლიტპატიმრებად აღიარებული რუსი ოპოზიციონერები, მათ შორის, ალექსეი ნავალნიც აღმოჩნდება. ნავალნის სპეციალური რეჟიმის კოლონიაში 19-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

გარდა ამისა, The Wall Street Journal-ის სტატიაშია ხაზგასმულია ისიც, რომ კრასიკოვის გათავისუფლების ბრძანება პირადად ვლადიმირ პუტინმა გასცა, ხოლო ამ საკითხს უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი კურირებს. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, კრასიკოვის გაცვლას, შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას იმ ფაქტმა, რომ იგი გერმანიის ციხეში იმყოფება, სადაც აშშ-ს იურისდიქცია არ ვრცელდება. 

ჯერ კიდევ ივლისში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს პატიმრების გაცვლაზე, რომელთა შორის ევან გერშკოვიჩიც იყო. ეს ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაადასტურა.

გარდა ამისა, გასული წლის დეკემბერში Reuters-ი და CNN-ი წერდნენ, რომ რუსეთს აშშ-სთან პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლება სურდა.


ეთნიკურად ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი იყო. 

მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილეა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", – ნათქვამია განცხადებაში. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უფრო მეტი წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: რუსეთის შურისძიება - ზელიმხან ხანგოშვილის ცხოვრებისა და სიკვდილის ისტორია.

კომენტარები