ჰოლივუდი

ლოს-ანჯელესის ქალაქის საბჭომ მერლინ მონროს სახლის დანგრევა შეაჩერა

ლოს-ანჯელესში მდებარე მერლინ მონროს ერთადერთი სახლი შესაძლოა აღარ დაინგრეს. ისტორიული შენობის დანგრევის ნებართვა ქალაქის საბჭოს წევრმა ტრეისი პარკმა შეაჩერა.

გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ლეგენდის ერთადერთ სახლს დაანგრევენ. მუნიციპალურმა სამსახურმა ამჟამინდელ მფლობელს შენობის დანგრევის და მის ადგილას ახალი ნაგებობის აშენების ნებართვა გასცა. პარკის განცხადებით მან გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა და მინიმალურ დროში შეძლო ნებართვის დროებით შეჩერება:

"მე და ჩემმა გუნდმა რეაგირება მყისიერად მოვახდინეთ. სამწუხაროდ მშენებლობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. მე ვიცავ ჩვენი ქალაქის მდიდარ ისტორიასა და მემკვიდრეობას. სამშენებლო კომპანიები ფულადი მოგების გამო ანადგურებენ ჩვენს ქალაქს. ამას არ დავუშვებ". 

პარკსის ძალისხმევით ქალაქის საბჭო რიგგარეშე შეიკრიბა და შენობის დანგრევის ნებართვა დროებით შეაჩერა. საბჭომ ასევე მონროს სახლისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე დაიწყო მუშაობა. პროცედურას სულ 75 დღე დასჭირდება.

"მთელი მსოფლიოსთვის მერლინ მონრო იმაზე მეტი იყო ვიდრე მსახიობი. მისი ცხოვრება არის ისტორია ბავშვთა სახლში გაზრდილი ადამიანის, რომელიც დაძლია სირთულეები და გლობალური სენსაცია გახდა". – ამბობს პარკსი.


სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ლოს-ანჯელესში მერლინ მონროს ერთადერთ სახლს დაანგრევენ. მე-20 საუკუნის ლეგენდამ შენობა 1962 წლის თებერვალში შეიძინა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.

სახლი ამჟამად დეველოპერულ კომპანიას ეკუთვნის, რომელმაც შენობის დანგრევა გადაწყვიტა. გამოცემა Post-ის ცნობით კომპანიამ ქალაქის ადმინისტრაციისგან დანგრევის ნებართვა მიიღო. 

ისტორიული შენობა ლოს-ანჯელესში, ბრენტვუდის უბანში, ჰელენა დრაივზე მდებარეობს. მთლიანი ტერიტორიის ფართობი 270 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მერლინ მონროს ყოფილი ქონება 8.35 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

1929 წელს აშენებულ შენობაში ოთხი საძინებელი და სამი სააბაზანო ოთახია. ერთ-ერთი ფანჯრიდან კი ძველი ჰოლივუდის ხედი იშლება. 

ამ სახლში 1962 წლის 4 აგვისტოს მერლინ მონრო გარდაცვლილი იპოვეს. 36 წლის მსახიობის სიკვდილის მიზეზი ბარბიტურატებით ზედოზირება გახდა. ზუსტად უცნობია ზედოზირება უნებლიედ იყო თუ ჰოლივუდის ლეგენდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

კომენტარები