მთავარი არხი

ჩერგოლეიშვილი ტელემედიაზე: მრუდე სარკეების ქვეყანაში ბიძინა იმარჯვებს

თამარ ჩერგოლეიშვილი
ტაბულა

ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა მთავარი აქცენტებიდან ნაწყვეტს აქვეყნებს და წერს, რომ ეკა კვესიტაძე რეალობას ამრუდებს და აუდიტორიას ატყუებს, მრუდე სარკეების ქვეყანაში კი - ბიძინას ივანიშვილს აქვს უპირატესობა.

"მე მინდა, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გაიგოს, რომ იმ ინსტიტუტთან, რასაც ქართული ტელემედია ჰქვია და იმ პრაქტიკასთან, რასაც ქართული ტელემედია ეწევა, პრინციპულად დაპირისპირებული ვარ და იმ მოქალაქეების ინტერესებს გამოვხატავ და ვიცავ, ვინც ქართულ ტელემედიას ჩემსავით არ ენდობა.

ბოლო კვლევებით ასეთია საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა - ჩემთვის უჩვეულოდ, უმრავლესობაში ვარ, არა ბაბლის, არამედ ხალხის.

მინდა, ამ ხალხმა კარგად გაიგოს, რომ რასაც ტელევიზორში ხედავენ, იმ საზიზღრობასთან ჩვენ არ უნდა დაგვაკავშირონ.

ტელემედიას იმიტომ ვუწოდებ, რომ მიხვდეთ, რაზე ვსაუბრობ - თორემ სინამდვილეში, ეს არ არის მედია.

მედია არის ორგანიზაცია, რომელიც აშუქებს მიმდინარე მოვლენებს და თავის აუდიტორიას აძლევს საშუალებას, გაიგოს, რა ხდება.

ინფორმაციის მიღების და თავისებურად გაანალიზების შემდეგ, ეს აუდიტორია - იგივე ამომრჩეველი - მიდის/ან არ მიდის არჩევნებზე და აკეთებს არჩევანს (არწასვლაც არჩევანია).

იმისთვის, რომ დემოკრატიამ იმუშაოს, მედიას სასიცოცხლო როლი აქვს.

არა იმიტომ, რომ ამომრჩევლის მანიპულაცია შეუძლია (არ შეუძლია. რომ შეეძლოს, სააკაშვილი ციხეში არ იჯდებოდა - სულთანი იქნებოდა უდიდესი ჰარემით).

არამედ იმიტომ, რომ დემოკრატია ინფორმირებულ ამომრჩეველს ემყარება და თუ ამომრჩეველი ინფორმირებული არ არის, დემოკრატიის მამოძრავებელი მექანიზმი ტყდება - ფუჭდება და არჩევნები აზრს კარგავს.

ქართული ტელემედია მედიის როლს არ ასრულებს.

ის არ აშუქებს მიმდინარე მოვლენებს.

ქართული ტელემედია აშუქებს იმას, რის გაშუქებაშიც ფულს იხდიან და აშუქებს ისე, როგორც ფულის წყაროს სჭირდება და არა საჯარო ინტერესს.

ცხადია, ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ძვირფასი საყვირი, დაიქირავოს მესაყვირეეები და აყვიროს - არავის ეგონოს, რომ ამ უფლებას ეჭვქვეშ ვაყენებ.

უბრალოდ, ეს მედია არაა - არაა მედია არც იმედი, არც ფორმულა, არც მთავარი - მედიის როლი მიმდინარე მოვლენების გაშუქებაა და არა რეალობის სრული გამრუდება პატრონის და დონორის სასარგებლოდ.

რაც დავწერე, ამის მცირე ილუსტრაციად შეგიძლიათ, იხილოთ ვიდეო.

როგორც ხედავთ, გვარამია და კვესიტაძე პოლიტიკურ სპექტრზე საუბრობენ.

კვესიტაძემ ევროპული საქართველო ამოაგდო აქტიური პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალიდან, მაგრამ დროა, ლელო და გირჩი დატოვა.

გვარამიამ შეუსწორა - ევროპული საქართველოც აქტიურიაო (მეტი ჭკუა აქვს და ახლა, როცა ურემი თითქმის გადაბრუნებულია, თადარიგს იჭერს).

კვესიტაძემ თავი იმართლა - კვლევებით ვხელმძღვანელობო.

დავიწყოთ აქტიურობის შეფასებით.

აქტიურობა რით ფასდება? აქტივობებით - ასე არ არის?

მე კომენტარებში უბრალოდ დავდებ ევროპული საქართველოს აქტივობების სქრინს - აღებულს ფეისბუქიდან.

და დაგენიძლავებით, რომ კვესიტაძის მიერ ჩამოთვლილ არცერთ პარტიას არ ჰქონია დამოუკიდებლად ამდენი და ასეთი ხალხმრავალი აქტივობა.

ეს შიშველი სიმართლეა. ესაა რეალობა.

არცერთ პარტიას, დამოუკიდებლად (და არა მასობრივ ტალღაზე მოხტომით), არ ჰქონია იმდენი და ისეთი ხალხმრავალი აქტივობა, რამდენიც ევროპულ საქართველოს 2022-2023 წლებში.

ეს შეუძლია გადაამოწმოს მსოფლიოს ყველა ფაქტჩეკს - ჭეშმარიტებაა უბრალოდ.

ამაზე ორი აზრი ვერ გექნება - მათემატიკურადაა შეუძლებელი.

მაგრამ კვესიტაძე ამ რეალობას ამრუდებს და აუდიტორიას ატყუებს.

იმიტომ, რომ ის ჟურნალისტი არაა - დონორის რუპორია.

ახლა რაც შეეხება კვლევებს:

დავიწყებ იმით, რომ კვესიტაძის ჩამოთვლილი პარტიებიდან, მხოლოდ გახარია ცდება, ისიც ოდნავ, ცდომილების ზღვარს.

ანუ არცერთი რესპექტაბელური და პროფესიონალი ჟურნალისტი არ მისცემს თავს უფლებას, ასეთი დიფერენციაცია აკეთოს 1-პროცენტიან და 2-პროცენტიან პარტიებს შორის - ცდომილების ზღვარშია განსხვავებები.

მაგრამ, გავატყავოთ რწყილი და ავიღოთ დროა - დროა ზუსტად ისე ჩანს კვლევებში, როგორც ევროპული საქართველო (შეგიძლიათ, შეამოწმოთ NDI-ს და IRI-ს კვლევები).

მაგრამ კვესიტაძისთვის სიმართლეს მნიშვნელობა არ აქვს.

იცით რატომ?

იმიტომ რომ მისი პატრონის დაკვეთაა გამრუდებული რეალობის შექმნა.

კვესიტაძე, მრავალი წელია, ხელფასს იღებს იმაში, რომ რეალობა გაამრუდოს პატრონის ახირებების მიხედვით.

მარტივი მისახვედრია, ვისაც ფიქრი შეუძლია, რომ სიმართლეს ვიძახი.

მიშა სააკაშვილი წლებია, ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ვინც ბელადს განუდგება - განულდება.

ამის მტკიცების სამსახურში დგას მისი მედია და პარტიული რესურსი.

შეიძლება, ყველაფერი იკადრო და ყველაფერი იყო - გუბაზ სანიკიძე, ვალერი გელბახიანი, ელისო კილაძე და თაკო ჩარკვიანიც კი.

თუ ბელადს აღიარებ, ყველაფერი გეპატიება.

მაგრამ საკმარისია პრინციპებს უერთგულო და არა ბელადს - "განულდები, როგორც ბოკერია".

პატიოსნება და პრინციპების ერთგულება უდრის განულებას - ამ მაქსიმის მტკიცების სამსახურში დგას კვესიტაძე და მთელი მთავარი.

2018 წლიდან ამ მაქსიმის სამსახურში ჩადგა კეზერაშვილიც (ბიბისის ფილმიდან როგორც ჩანს, დაახლოებით ამ დროს დაუწყია თავისი ბიზნესი უკრაინაში და ალბათ, მიშას "კრიშა" დასჭირდა - ამიტომ გაყიდა ბოკერია და მიშას უყიდა "ბოკერიას განულება" ბოკერიას თანამებრძოლების მოქრთამვით, ფორმულაში დასაქმებით, ან რაღაც ვითომ თანამშროლობის კონტრაქტებით.)

სააკაშვილს სასიცოცხლოდ სჭირდება, პოლიტიკურ სპექტრს სჯეროდეს, რომ ვინც მის ბელადობას არ აღიარებს - ვერ იარსებებს.

ამ ძალმომრეობით ინარჩუნებს ოპოზიციაში ლიდერობას.

მერე რა, რომ ასე ბიძინას ვერ ამარცხებს, რად უნდა ბიძინას დამარცხება, თუ თავად არ მოდის აბსოლუტური ძალაუფლებით?

ამ პერსპექტივას ბოკერიას მსგავსი ურჩები საფრთხეს უქმნიან.

ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ის განულდეს.

და თუ არ ნულდება, მაშინ ნულად წარმოჩინდეს იმ მრუდ რეალობაში, რისთვისაც კვესიტაძე იქირავა საყვირად.

იმისთვის, რომ სოციალურ კიბეზე იცოცოს, კვესიტაძე ვალდებულია, ნულად წარმოაჩინოს ის, ვინც ბელადს განუდგა და ხელოვნური უპირატესობა შეუქმნას მას, ვინც ბელადისთვის იშიმშილა.

ეს მხოლოდ ერთი მცირე მაგალითია იმის, როგორ ყალბდება რეალობა ბელადის და ოლიგარქის მოსამსახურეების მიერ და როგორ ცდილობენ ადამიანების გაბრიყვებას მათი ხელქვეითები.

ხალხი არ ბრიყვდება - იბნევა, მაგრამ არ ბრიყვდება.

სამაგიეროდ, პროცესი გატეხილია, თავისუფალი კონკურენცია შეზღუდული, რეალობა გამრუდებული, დემოკრატიული მექანიზმები - დისფუნქციური.

ბუნებრივია, მრუდე სარკეების ქვეყანაში ბიძინას აქვს დიდი უპირატესობა.

ასეც იქნება, სანამ ეს კეკელები ბოლომდე არ დისკრედიტირდებიან და ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, ამომრჩეველთან ურთიერთობის ალტერნატიულ გზას არ გამოვნახავთ, რომელიც ტელემედიას გვერდს აუვლის." - წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები