რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: აშშ მალე მიაწვდის უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალის ახალ პარტიას

ამერიკელი სამხედრო 155-მმ-იანი კასეტური ჭურვით, რომელიც ცნობილია, როგორც ორმაგი გამოყენების გაუმჯობესებული კონვენციური ჭურვი (DPICM). კემპ ჰოვი, სამხრეთ კორეა, 2016 წლის 20 სექტემბერი.
U.S. Army photo/2nd Lt. Gabriel Jenko

New York Times-ი სამი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში საბრძოლო მასალის საწყისი ნაწილი გააგზავნა, ახლა, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალის ახალი პარტია მიაწოდოს, რათა ქვეყანას საბრძოლო მასალა არ ამოეწუროს.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურად NYT-ის უთხრა, რომ ეს იარაღი უმთავრესი იყო უკრაინის დასახმარებლად და იმ მუხტის შენარჩუნებისთვის, რომელიც უკრაინის ჯარებმა ახლახან მოიპოვეს სამხრეთ ფრონტზე რუსული ძალების წინააღმდეგ. 


აშშ-ის გადაწყვეტილებამ, მიეწოდებინა უკრაინისათვის კასეტური საბრძოლო მასალა, მოკავშირეებში არაერთგვაროვანი განწყობები გამოიწვია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.

გერმანიის, ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთის პოზიცია გამომდინარეობს კასეტური შეიარაღების შესახებ 2008 წლის კონვენციიდან, რომლის ხელმომწერებიც თავად არიან. კონვენცია კასეტური იარაღის გამოყენებას, წარმოებასა და გადაცემას კრძალავს. 

მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ იგი მზადაა, უკრაინა კასეტური შეიარაღებით მოამარაგოს. ადამიანის უფლებებისა და შეიარაღების მრავალი ჯგუფი კასეტურ იარაღს საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. კასეტური ბომბი შესაძლოა ასობით მცირე ბომბს შეიცავდეს, რაც ეფექტურია მტრის ძალების დიდი კონცენტრაციის განადგურებისთვის, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხეს წარმოადგენს. 

კომენტარები