თხილის ფასი

ხაბეიშვილის თხილის თავსატეხი

თხილის ფასი

ხაბეიშვილის თხილის თავსატეხი

"იცით, რა ღირდა მიშას დროს სამეგრელოში და გურიაში თხილი? 11-14 ლარი 2011 წელს". – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ტვ პირველთან საუბრისას.

ხაბეიშილის თქმით, ქართული წარმოების 1 კილოგრამი თხილი მარკეტში 80-90 ლარი ღირს, ხოლო გურიასა და სამეგრელოში გლეხებს თხილის 2-3 ლარად ჩაბარება უწევთ. ამას ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებულ მთავრობას მიაწერს და აკონკრეტებს, რომ "მონოპოლისტებმა გაძიძგნეს და გააღატაკეს" ფერმერები.

ევროპული საქართველოს წევრი თენგო კირთაძე ხაბეიშვილის ამ განცხადებას მავნებლობასა და ფაქტებით მანიპულირებას უწოდებს.

"როგორც ვნახეთ ამ დღეებში, ნაციონალურ მოძრაობას აქვს გარკვეული მესიჯ ბოქსი – ამას ეძახიან მონოპოლიურ გარიგებებს და მონოპოლიურ ბიზნესს, რასაც დეფინიციითაც კი მონოპოლიასთან კავშირი არ აქვს. ამას უფრო კარტელური გარიგება შეიძლება ეწოდოს – მწარმოებლების, ანუ გლეხების ხარჯზე ექსპორტიორები ათანხმებენ ფასებს და ამაში ხედავენ ბიძინა ივანიშვილის ინტერესს.

ამის საილუსტრაციოდ ჰქონდა ჩართვა [ხაბეიშვილს], როდესაც 100-გრამიანი გარჩეული თხილიდან, რომელიც მარკეტში იყიდება, გამოთვალა კილოს ფასი, რაც თავისთავად უკვე ნონსენსია და შეადარა ნაჭუჭგაუცლელ, ნედლ პროდუქტს". – აღნიშნავს კირთაძე. 

რამდენად ადეკვატურია მარკეტში გასაყიდი თხილის და ჩასაბარებელი თხილის ფასების შედარება?

ბაზარზე გაყიდული თხილის ფასი მეთხილე ფერმერის მიერ გაყიდული თხილის ფასის ეკვივალენტური არასდროს არ არის. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შესაძლოა, ფასში სხვაობა განაპირობოს.

მიწოდების ჯაჭვი რომ განვიხილოთ, ნებისმიერი პროდუქტი და მათ შორის, თხილი გადის სხვადასხვა ეტაპს მანამ, სანამ ის მომხმარებლამდე მიაღწევს. ეს ეტაპები მოიცავს: თხილის დამუშავებას, შეფუთვას, ტრანსპორტირებას, ხოლო შემდეგ მის დისტრიბუციას. თითოეული ეტაპი თხილის საბოლოო გასაყიდ ფასს ზრდის, რაც იწვევს სხვაობას თხილზე მარკეტში არსებულ და ჩასაბარებელ ფასებს შორის.

კონკრეტულად თხილის შემთხვევაში კი, საჭიროა მისი გაწმენდა, დახარისხება, შეფუთვა, რაც კიდევ უფრო ზრდის მის საბოლოო ღირებულებას.

"კონკრეტული მარკეტის გასაყიდი ფასის გარჩევაში არ შევდივარ, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პროდუქტი საბაზრო ფასებს, ეს უფრო საფუძვლიანი კვლევის საგანია. 

თუმცა, ზოგადად, თხილის რეალიზაციის პროცესში ბევრი სტადიაა: ჩაბარების, გამოშრობა, დახარისხება, დისტრიბუციისთვის გადაცემა, სუპერმარკეტების ქსელში შეტანა. ბიზნესის თითოეული სფერო მოგების მარჟას ამატებს, რაც, რა თქმა უნდა, ბუნებრივი მოვლენაა. მოგების ინტერესის გარეშე არცერთი ბიზნესი არ მუშაობს". – დასძენს კირთაძე. 

მარკეტში თხილის გასაყიდი ფასი არასდროს არ ასახავს მის თავდაპირველ ღირებულებას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისა, საცალო მოვაჭრეებს უწევთ, დაფარონ ისეთი ხარჯები, როგორიცაა, ქირა, დაქირავებული პერსონალის ხელფასები და ა.შ. ეს ხარჯები კი პროდუქციის გასაყიდ ფასებზეც აისახება. პირობითად, მარკეტისთვის საჭირო შენობის ქირის ფასი თბილისის ცენტრში გაცილებით ძვირია, ვიდრე გარეუბანში. სწორედ ამ ტიპის ხარჯია ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც პროდუქტები დედაქალაქის ცენტრში მდებარე მარკეტში უფრო ძვირი ღირს. 

ამასთანავე, ნებისმიერი პროდუქტის გასაყიდ ფასზე გავლენას ახდენს ბაზარზე არსებული მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკა. თუ მარკეტში გასაყიდ თხილზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ შეზღუდული მიწოდება, ფასები შეიძლება გაიზარდოს. ანალოგიურად, ბაზარზე სხვადასხვა მიმწოდებელს შორის კონკურენციამ, შესაძლოა, დამატებით გავლენა იქონიოს ფასებზე.

ხაბეიშვილის შედარება რეალობას მოწყვეტილია იმის გამოც, რომ არ ითვალისწინებს იმ შედეგებს, რაც ქვეყანაში თხილის ცუდი მოსავალს აქვს.

თხილის ხარისხთან დაკავშირებით დღეს, 30 აგვისტოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა აზიური ფაროსანას სახით არსებულ გამოწვევაზე, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თხილის მოსავალს და შესაბამისად, აზარალებს ფერმერებს. შამუგიას თქმით, სახელმწიფო "ამ მავნებელთან საბრძოლველად ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს, თუმცა, ეს საკმარისი არაა". იქვე, მინისტრის თქმით, "ვინც მოუარა სწორად, იმას აქვს კარგი მოსავალი, როცა გაქვს ხარისხიანი მოსავალი, იმის ფასი უკეთესია". 

ის, თუ როგორი თხილის მოსავალი იყო ქვეყანაში, კიდევ უფრო არაადეკვატურს ხდის ხაბეიშვილის მიერ მარკეტში გასაყიდი და ჩასაბარებელი თხილის ფასებს შორის კონტრასტზე აპელირებას. ცუდი მოსავლის პირობებში, გლეხების მიერ ჩაბარებული გადაურჩეველი თხილი განსაკუთრებით მაღალი ალბათობითაა გაფუჭებული. შესაბამისად, ამ ტიპის თხილის ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე მარკეტში გასაყიდად დადებული თხილის, რომელიც დახარისხებული, ნარჩევი და გასუფთავებულია. 

ლევან ხაბეიშვილის შემოთავაზებული შედარება ზედმეტად ამარტივებს სოფლის მეურნეობაში პროდუქტების მიწოდების ჯაჭვზე სხვადასხვა ფაქტორის გავლენას და სათანადოდ არ ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეებს შორის სამართლიანი კონკურენციის მნიშვნელობას.

"თუ ნაციონალურ მოძრაობას სურვილი აქვს, სფეროს პრობლემებზე ილაპარაკოს, შეუძლია, ილაპარაკოს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საირიგაციო სისტემა, ტექნოლოგიების არარსებობა, სასათბურე შესაძლებლობების ნაკლებობა, ადგილზე ცოდნის არქონა, რაც თხილის დაბალ ხარისხს და მის დაბალ სარეალიზაციო ფასს იწვევს". – ამბობს კირთაძე. 

თხილის ბიზნესში დაზარალებული გლეხების სუბსიდირება

24 აგვისტოს ოზურგეთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა ლიდერებმა მთავრობისგან მოითხოვეს პროგრამის შემუშავება, რომლის მიზანი სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ თხილის დაბალი ფასების გამო გურიაში კრიზისი გარდაუვალი იქნება. 

ენმ-ს ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, კახა ასკურავას თქმით, წელს თხილს რეკორდულად დაბალი ფასი აქვს. მისი თქმით, წინა წლებში ქობულეთსა და გურიის სოფლებში ერთი კილოგრამი თხილის ჩაბარების თანხა 10-დან 14 ლარამდე მერყეობდა, ახლა ფასი 2-3 ლარი ან ნაკლებია. 

ფერმერებისთვის სუბსიდიებს, მათ შორის, ფინანსურ დახმარებასა და დაბალპროცენტიან სესხებს, შესაძლოა, მოკლევადიანი დადებითი ეფექტი ჰქონდეს. ეს მათ ბუნებრივი პირობებისგან გამოწვეული კრიზისთან გამკლავებაში დაეხმარება, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში სუბსიდირებას ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგი მოსდევს. 

"სუბსიდია პრობლემას არ აგვარებს და გვერდით პრობლემებსაც წარმოქმნის. იგივე ითქმის მეღვინეობაზე. როცა მეღვინეობის სუბსიდირება და ამ სფეროს თითქოს განვითარების ხელშეწყობისთვის სუბსიდირება დავიწყეთ, მივიღეთ ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა ამ ბიზნესში. მოთხოვნის ნაკლებობის პირობებში ფასი დაეცა, მწარმოებელი ხარჯს ვერ ფარავდა, ხოლო სახელმწიფომ დაიწყო ფასის განსაზღვრა და ისევ გლეხები დააზარალა. როცა ყურძნის შესასყიდი ფასი დაბალია და ის ბაზრის მიერ დადგენილი არაა, (ღვინის) ხარისხზეც აისახება" . – ამბობს კირთაძე. 

როდესაც მთავრობა ფინანსურ მხარდაჭერას უწევს კონკრეტულ ინდუსტრიას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი მიწოდება და საბაზრო კონკურენციის შემცირება, რაც პოტენციურად შეამცირებს ფასებს და იმოქმედებს ბაზრის სხვა მონაწილეების მომგებიანობაზე.

"ყურძნის ჭარბი მიწოდების შემთხევაში მისი ფასი ეცემა. დაბალი ფასი კი მევენახეების მიერ გაწეულ ხარჯებს ვერ ფარავს და ხელისუფლებებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ამჯერად ჩასაბარებელი ყურძნის ფასის დაბალ ნიშნულზე განსაზღვრა უწევს, რომ ერთი მხრივ, მევენახეები არ მოიმდურონ, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარი არასწორი პოლიტიკის შედეგები გადაფარონ". – ამბობს თენგო კირთაძე. 

გარდა ამისა, სუბსიდიებმა შეიძლება გლობალურ მასშტაბზე ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის შემცირება გამოიწვიოს. სუბსიდირების ხარჯზე, მწარმოებელს ნაკლები სტიმული აქვს, გააუმჯობესოს ხარისხი და იზრუნოს წარმოების ხარჯთეფექტიანობაზე.

"ასეთი პოლიტიკა მევენახეებში აჩენს სტიმულს ყურძნის მაღალ ხარისხზე ზრუნვის ნაცვლად ძირითადი აქცენტი ხარჯების შემცირებაზე გააკეთონ, რაც, თავის მხრივ, დაბალხარისხიან პროდუქტს წარმოშობს. დაბალხარისხიანი ყურძნით კი მაღალხარისხიანი ღვინო უბრალოდ ვერ მზადდება. შესაბამისად ვიღებთ ისეთ ღვინოს, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე ნაკლებადაა კონკურენტუნარიანი და ჩვენ ალტერნატივად გვრჩება რუსეთის დაბალბიუჯეტური ბაზარი, სადაც ღვინის ხარისხზე მოთხოვნა დაბალია. ამით კი რუსეთზე დამოკიდებულებას ვზრდით და ფინანსურადაც თავს ვიზარალებთ. ზოგადად კი, მაშინ როცა სტიქია ან მსგავსი კატაკლიზმები კონკრეტულ ჯგუფებს განსაკუთრებით აზარალებს, შედეგების აღმოფხვრა არა ბიზნეს სექტორის სუბსიდირებით უნდა მოხდეს, არამედ ინდივიდუალური შემწეობით, სოციალური დახმარების კანონმდებლობის შესაბამისად". – აღნიშნავს კირთაძე. 

კომენტარები