თხილის ფასი

მინისტრი თხილზე: ვინც მოუარა სწორად, კარგი მოსავალი აქვს, ხარისხიანის ფასი უკეთესია

"ვინც მოუარა სწორად, იმას აქვს კარგი მოსავალი, როცა გაქვს ხარისხიანი მოსავალი, იმის ფასი უკეთესია" - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თხილის ფასზე საუბრისას თქვა.

მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო მიმდინარე წელს "მიზნობრივად და სწორად დაეხმარა მეთხილე ფერმერებს" და საჭიროების შესაბამისად გააგრძელებს შემდგომ მხარდაჭერას.

"წლების წინ, ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით. შემდგომ დავიწყეთ პროგრამა და სახელმწიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს ამ მავნებელთან საბრძოლველად. თუმცა, ეს საკმარისი არაა, მნიშვნელოვანია თვითონ ფერმერების მიერ მათი ბაღების მოვლა.

ჩვენ 2021 წელს გვქონდა კარგი მოსავალი, დაახლოებით 46 ათასი ტონა, შესაბამისად ექსპორტის მაჩვენებელიც კარგი იყო და ხარისხიც უკეთესი, თუმცა 2022 წელს სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, რომელთა შორის იყო კლიმატური პირობებიც, მოვლა ვერ მოხერხდა და მოსავალიც არ იყო კარგი.

ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი და ჩვენი ფერმერები საჭიროებდნენ ამ მიმართულებით მხარდაჭერას და შევიმუშავეთ მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ევროპულ პრაქტიკას ეყრდნობა, სწორედ ევროკავშირშია პირდაპირი გადახდების სისტემა, რომელზე დაფუძნებითაც შევიმუშავეთ პროგრამა და მიზანმიმართულად ფერმერებს ვეხმარებოდით მოვლის საშუალებების შეძენაში.

მცირე ფერმერებს, ვისაც 3 ჰექტრამდე ფართობის თხილის ბაღები აქვთ, ჩვენ მივეცით ეს დახმარება. ძალიან მოკლე დროში შევძელით კადასტრის გაკეთება, რომელმაც მოგვცა საშუალება, იდენტიფიცირება გაგვეკეთებინა მეთხილე ფერმერების და მათთვის ეს დახმარება მიგვეცა.

მნიშვნელოვანია, შესაბამისი წამლობების  განხორციელება, რათა ფერმერმა უკეთესი ხარისხის მოსავალი მიიღოს. ვინც მოუარა სწორად, იმას აქვს კარგი მოსავალი, როცა გაქვს ხარისხიანი მოსავალი, იმის ფასი უკეთესია" - ამბობს მინისტრი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობისაგან "თხილის ბიზნესში დაზარალებული გლეხების კომპენსაციას" ითხოვს. პარტია ხელისუფლებისაგან პროგრამის შემუშავებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ისე დაეხმარება, როგორც კახეთში ყურძნის მოსავლის განადგურების დროს ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ თხილის დაბალი ფასების გამო გურიაში კრიზისი გარდაუვალი იქნება. 

ენმ-ს ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, კახა ასკურავას თქმით, წელს თხილს რეკორდულად დაბალი ფასი აქვს. მისი თქმით, წინა წლებში ქობულეთსა და გურიის სოფლებში ერთი კილოგრამი თხილის ჩაბარების თანხა 10-დან 14 ლარამდე მერყებოდა, ახლა ფასი 2-3 ლარი ან ნაკლებია. 

ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ის წევრის, ბესო ქათამაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ თხილის გაუმჯობესების პროგრამაზე 21 მილიონი ლარი დახარჯა, ჩაბარების დაბალი ფასის გამო გლეხების მდგომარეობა უარესდება.

"თხილის ხარისხი გაუმჯობესდა მონოპოლიზებული ბაზრისთვის, რომელიც მაფიოზურად ხელში აქვთ ჩაგდებული ოცნების მაღალჩინოსნებს. ერთადერთი, რაც გურულ გლეხს ამ რთული ვითარებიდან გამოიყვანს, არის სუბსიდირება გურული გლეხის". - ამბობს ქათამაძე.

კომენტარები