უკრაინა-საქართველო

საქართველომ შემოუშვა უკრაინელები, რომლებსაც საზღვრის კვეთის უფლებას არ აძლევდა

ლარსის გამშვები პუნქტი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში უკრაინელთა ექვსკაციანი ჯგუფი შეუშვეს, რომელსაც 17 აგვისტოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

"როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები.

ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამის პროცედურების დასრულებას". - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მედიაზონა უფლებადამცველ ორგანიზაცია UnMode-ზე დაყრდნობით წერს, 5 ყოფილი პატიმარი და კიდევ 1 უკრაინელი რუსეთში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ. მათ ზემო ლარსის საგუშაგოს ბუფერულ ზონაში 10 დღე გაატარეს.

2022 წლის შემოდგომაზე, როცა რუსეთი ხერსონიდან უკან იხევდა, მსჯავრდებულები ტერიტორიიდან იძულებით გააძევა, მოგვიანებით კი რუსეთის კოლონიებში მოათავსა. ვადის დასრულების შემდგომ კი პატიმრები, როგორც წესი, უცხოელთა დროებით დაკავების ცენტრში იგზავნებიან, საიდანაც ისინი პერიოდულად დეპორტაციის მიზნით საზღვრებთან მიჰყავთ. Ზემოთ აღნიშნული ექვსი პირიდან ხუთი სწორედ მსჯავრდებულთა რიგებიდანაა.

კომენტარები