საფრანგეთი

მაკრონი საფრანგეთის სასკოლო არდადეგების შემოკლების ინიციატივით გამოდის

ემანუელ მაკრონი
AFP/Christophe Simon

ადგილობრივ ჟურნალ Le Point-თან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სასკოლო საზაფხულო არდადეგების შემოკლების სურვილი გამოთქვა.

მაკრონის თქმით, ბავშვები, რომლებიც სასკოლო სამუშაოს ჩამორჩებიან, მათივე დახმარების მიზნით საკლასო ოთახებს 1-ელი სექტემბრის მაგივრად 20 აგვისტოს უნდა უბრუნდებოდნენ. ხოლო, საშუალო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც იმ წელს გამოცდა არ აქვთ დანიშნული, მთელი ივნისის განმავლობაში სკოლაში უნდა რჩებოდნენ.

"ხანგრძლივობის შემცირება არ იქნება უაზრობა, იმ პირობით, რომ მხოლოდ ზაფხულის არდადეგები შემცირდება, რაც ეფექტურად შეამცირებს უშუალოდ სასწავლო კვირების განმავლობაში ზედმეტად ხანგრძლივი გაკვეთილებისთვის განსაზღვრულ ყოველდღიურ საათების რაოდენობასაც". - ამბობს განათლების ისტორიკოსი კლოდ ლელიევრი, მას შემდეგ რაც აღნიშნავს, რომ არდადეგებისა თუ სასკოლო დღეების ხანგრძლივობით საფრანგეთის საზაფხულო არდადეგები სხვა ევროპული ქვეყნების უმეტესობას მნიშვნელოვნად აღემატება. 

მაკრონის ინიციატივას მოქალაქეთა ნაწილი, მათ შორის მასწავლებელთა კავშირებისა და მშობელთა ჯგუფების წევრები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

"თუ მას სასკოლო არდადეგების გადახედვა სურს, ეს მთელ წელს უნდა ეხებოდეს და არა მხოლოდ ზაფხულს. რეალურად, პრობლემებს გადატვირთული სასწავლო გეგმა, სასკოლო სამუშაო დღე და სასკოლო კალენდარი წარმოადგენს, რომლებიც უფრო მეტად ტურიზმის, კერძოდ ზამთრის სპორტის, გარშემო განისაზღვრა, ვიდრე ბავშვების საჭიროებებისა და მათი რიტმის გათვალისწინებით". - უთხრა Le Parisien-ს გუისლენ დევიდმა, SNUipp კავშირის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, საფრანგეთში სასკოლო ზამთრის არდადეგები დიდხანს გრძელდება, რაც სათხილამურო კურორტებს ზამთრის სპორტის სეზონის მაქსიმალურად გაზრდის საშუალებას იძლევა.

მთავრობის სპიკერ ოლივიე ვერანის თქმით, მთავრობა ოფიციალურ განხილვის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

კომენტარები