სტატისტიკის ეროვნული სამსახური

II კვარტალში წინა წელთან შედარებით უმუშევართა რაოდენობა 5.2%-ით შემცირდა – საქსტატი

2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 48.7 ათასი კაცით (5.6%) და 916.7 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.0 ათასით გაიზარდა (2.2%) და 410.2 ათასი შეადგინა. ამასთან, უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.6 ათასით (5.2%) და 266.9 ათასი შეადგინა.

მოცემულ საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.2 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.3 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2%-ით და შესაბამისად 44.9-ს და 43.4 პროცენტს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.1 პროცენტი შეადგინა.

2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია საქალაქო ტიპის დასახლებებში 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით

რაც შეეხება გენდერულ გადანაწილებას, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 14.5%-ს და 18.5 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.9%-ს, ხოლო კაცებში 65.1%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 2.2%, ხოლო კაცებში - 0.9%.

2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 2.1 და 2%-ით.

კომენტარები