2023 წელს გარდაცვლილები

81 წლის ასაკში მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა

81 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი და მწერალი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის სახელმწიფო თეატრი ავრცელებს.

"რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება"! – წერია რუსთაველის თეატრის ფეისბუქ გვერდზე.

1963 წლიდან თამაშობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში ყვარყვარე თუთაბერი, ვეფხისტყაოსანი, ოიდიპოს მეფე, რიჩარდ III. 

პირველი კინოროლი შეასრულა 1966 წელს ოთარ იოსელიანის ფილმში გიორგობისთვე. შესრულებული აქვს როლები ფილმებში ჩემი მეგობარი ნოდარი, ფერისცვალება, დათა თუთაშხია, ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი, გასეირნება ყარაბაღში, შანტრაპა.

1990 წელს გამოიცა ხარაბაძის პირველი წიგნი თქვენ მომაგონდით. მის კალამს ეკუთვნის წიგნები აღმართ-აღმართ, სახლი რუსთაველზე, თამადა. ბოლო წლებში მონაწილეობდა ქართველი ლიტერატურული კლასიკოსების აუდიოწიგნების შექმნაში.

სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების ქურუმის წოდებები. არის შოთა რუსთაველისა და დავით კლდიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების მფლობელი.

კომენტარები