საქართველო-ისრაელი

ვიწყებთ მოლაპარაკებას ისრაელთან თავისუფალ ვაჭრობაზე – ღარიბაშვილი ნეთანიაჰუს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ მომავალ წელს იწყება მოლაპარაკებები ისრაელსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და კვლავ "ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები".

"მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ დინამიკაში ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს". – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ საქართველოსა და ისრაელს ურთიერთობების გაღრმავება კვლავ შეუძლიათ.

"ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენს ერებს შორის კავშირი 2 500 წლის წინ იღებს დასაბამს ან, შესაძლოა, 2 600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ისრაელში! შემდეგ ჯერზე თელავივსა და  იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ – "შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!" – თქვა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები