გერმანია

გერმანია NATO-ს მოთხოვნაზე, ყოველწლიურად მშპ-ს 2% თავდაცვაზე დახარჯოს, უარს ამბობს – მედია

Alexander Koerner/Getty Images/Politico

გერმანიის მთავრობამ ოთხშაბათს, 16 აგვისტოს უარი თქვა სამართლებრივი ვალდებულების აღებაზე, რომელიც NATO-ს მოთხოვნის შესაბამისად, ყოველწლიურად თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის ხარჯვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში, მათ შორის, Reuters-სა და გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-ში ვრცელდება

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტოთან საუბრისას აღნიშნა, რომ პუნქტი, რომელიც NATO-ს მოთხოვნის შესრულებას ითვალისწინებდა, ფინანსთა მინისტრის, კრისტიან ლინდნერის ახალი საბიუჯეტო კანონპროექტიდან დოკუმენტის პარლამენტისთვის გადაცემამდე მალევე წაშალეს. 

ამასთან, გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წერია, რომ მთავრობა თავდაცვაზე ყოველწლიური მშპ-ს 2%-ის ხარჯვის მოთხოვნის შესრულებას საშუალოდ 5 წლის ვადაში გეგმავს.

გარდა ამისა, Süddeutsche Zeitung-ი წერს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი NATO-ს აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგი იყო. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაში Zeitenwende-ს - ისტორიული გარდამტეხი წერტილის დაწყება გამოაცხადა.

"ამიერიდან ჩვენ ყოველწლიურად მშპ-ს 2%-ზე მეტს თავდაცვაზე დავხარჯავთ". - თქვა შოლცმა 2022 წლის თებერვალში. მან ამ პირობაზე გასულ თვეს ვილნიუსში, NATO-ს სამიტის შემდეგაც ისაუბრა.

კომენტარები