ტაილანდი

ტაილანდის სასამართლომ გამარჯვებული კანდიდატის პრემიერად დაბლოკვის გადახედვაზე უარი თქვა

წინსვლის პარტიის ლიდერი, პიტა ლიმჯაროენრატი პარლამენტში ახალი პრემიერმინისტრის ასარჩევად გამართულ კენჭისყრაზე. 2023 წლის 13 ივლისი
REUTERS/Athit Perawongmetha/File Photo

16 აგვისტოს ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერმინისტრის პოსტზე არჩევნებში გამარჯვებული წინსვლის პარტიის ლიდერის, პიტა ლიმჯაროენრატის კანდიდატურის პარლამენტის მიერ დაბლოკვის გადაწყვეტილების გადახედვაზე უარი თქვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ თითქმის მთლიანად გააქრო ყველანაირი იმედი, რომ პროგრესული ხედვების მქონე წინსვლის პარტია მომავალ მთავრობას უხელმძღვანელებს და საკანონმდებლო ორგანოს გაუხსნა გზა ამ კვირაში უკვე ახალ კანდიდატს უყაროს კენჭი.

ტაილანდის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე 14 მაისს ჩატარებული ეროვნული არჩევნების გამარჯვებული წინსვლის პარტიის ლიდერის, პიტა ლიმჯაროენრატის კანდიდატურა 19 ივლისს დაბლოკა

ორპალატიანი პარლამენტის 715 წევრიდან 395-მა პიტას წინააღმდეგ მისცა ხმა, 312 იყო მომხრე, 8 პარლამენტარმა თავი შეიკავა, თავად პიტას კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

14 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგებით, წინსვლის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა და წარმომადგენელთა პალატის 500 ადგილიდან 152 მოიპოვა. როგორც გამარჯვებულმა, წინსვლის პარტიამ მომავალ პრემიერმინისტრად საკუთარი ლიდერი, პიტა ლიმჯაროენრატი დაასახელა.

პიტას პარტიამ კოალიციური მთავრობის შექმნის იმედით, შვიდ პარტიასთან ერთად საერთო პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

არჩევნებში წინსვლის პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ტაილანდს მთავრობა არ ჰყავს და ქვეყანას მოვალეობის შემსრულებელი ადმინისტრაცია მართავს.

კომენტარები