საქართველოს პროკურატურა

ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული ცისკარა ტოხოსაშვილი დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანდა და მის მიერ სირიის ტერიტორიაზე წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა. გარდა ამისა, ბრალდებული ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა" - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით,  ტოხოსაშვილი ისლამურ სახელმწიფოს 2015 წელს შეუერთდა, მას შემდეგ რაც საქართველო დატოვა და ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ის რეგიონში ემირ ისას სახელით იყო ცნობილი და "საკმაოდ გავლენიან ფიგურად" ითვლებოდა. იგი სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში მოქმედი ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფის ხელმძღვანელი იყო. 

ცისკარა ტოხოსაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით წარედგინა, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებას გულისხმობს. 

კომენტარები