რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: რა თქმა უნდა, მზად ვართ უკრაინელი პილოტების მომზადებისთვის აქ, აშშ-ში

Kevin Dietsch/Getty Images

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის თქმით, აშშ მზად არის, თავის ტერიტორიაზე უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის მოამზადოს. ამის შესახებ კირბის ბრიფინგის დროს ისაუბრა.

"ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ხელმძღვანელობენ ამ მიმართულებას. მაგრამ თუ ევროპაში წვრთნების შესაძლებლობები ამოიწურული იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის აქ, აშშ-ში". - თქვა კირბიმ.

კირბის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა G7-ის სამიტზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდებას.

"მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვაკეთებთ, არის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისა და სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას გრძელვადიან პერსპექტივაში". თქვა კირბიმ.

ამავდროულად, კირბის თქმით, ისეთი თანამედროვე თვითმფრინავების მიღებას, როგორიცაა F-16 და მის ფლოტში ინტეგრაციას გარკვეული დრო სჭირდება

"ეს არ მოიცავს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავების ფიზიკურ გადაცემას, არამედ წვრთნებს, პილოტების შესაბამის მომზადებას და ყველა ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია თქვენს ფლოტში თანამედროვე თვითმფრინავების არსებობისთვის. ამას გარკვეული დრო სჭირდება. ეს გრძელვადიანი სამუშაო იქნება ". - თქვა კირბიმ.

კომენტარები