ახლო აღმოსავლეთი

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში დრონებით იერიში მიიტანა, მოკლულია PKK-ის 3 სავარაუდო წევრი

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში დრონებით იერიში მიიტა, მოკლულია ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) სამი სავარაუდო წევრი. აღნიშნული მიმდინარე კვირაში ქურთების სამხედრო ძალებზე დრონებით განხორციელებული უკვე მეხუთე თავდასხმაა.

უკანასკნელი საჰაერო იერიში მოჰყვა 10 აგვისტოს, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში PPK-ის ძალებთან შეტაკების დროს ხუთი თურქი სამხედროს დაღუპვას. 

თურქეთსა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის დაპირისპირება გახდა თურქეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვის ერთ-ერთი მიზეზი.

ბრიტანული გამოცემა Politico-ს მიხედვით, ვილნიუსის NATO-ს სამიტის წინ, სატელეფონო საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააფრთხილა, რომ ანკარას არ უნახავს საკმარისი პროგრესი შვედეთისგან მათი NATO-ში გაწევრიანების განაცხადის მხარდასაჭერად.

"ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა ანტი-ტერორიზმის კანონის მიღებით, სწორი მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა. თუმცა, ტერორისტული ორგანიზაციები, მათ შორის, თურქეთში აკრძალული, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერი ჯგუფები შვედეთში დემონსტრაციებს მართავენ". - წერია თურქეთის კომუნიკაციის სააგენტოს განცხადებაში.

ერდოღანის ადმინისტრაცია შვედეთის NATO-ში შესვლის მცდელობას სტოკჰოლმის მიერ "ქურთული სეპარატიზმის" მხარდაჭერის გამო ბლოკავდა. თავდაპირველად თურქეთის მთავრობას ანალოგიური ბრალდება ფინეთის მიმართაც ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით ერდოღანმა ჰელსინკის გაწევრიანების განაცხადს მწვანე შუქი აუნთო და ქვეყანა აპრილში ალიანსის წევრი გახდა.

კომენტარები