ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინმა გენშტაბის უფროსი დაითხოვა და სამხედროებს საომარი მზადყოფნისკენ მოუწოდა

KCNA / AFP - Getty Images

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი, პაკ სუ ილი დაითხოვა და მის ნაცვლად თანამდებობაზე რი ოინგ გილი დანიშნა, რომელიც აქამდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

კიმის გადაწყვეტილება ცენტრალური სამხედრო კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სხდომაზე დამსწრეებმა ჩრდილოეთ კორეის მტრების შემაკავებელი გეგმები განიხილეს. მოხსენებაში მტრების ვინაობა დაზუსტებული არ არის.

ქვეყნის სახელმწიფო მედიის ცნობით, 9 აგვისტოს კიმსა და ცენტრალურ სამხედრო კომისიას შორის შეხვედრის მთავარ განსახილველ თემას აქტიური საომარი მომზადების აუცილებლობა, მათ შორის "უფრო ძლიერი დარტყმის საშუალებების უზრუნველყოფა" წარმოადგენდა. სხდომაზე კიმ ჩენ ინმა იარაღის წარმოების გაზრდა და სამხედრო წვრთნების გაფართოება მოითხოვა. მან სამხედროებს საომარი მზადყოფნისაკენ მოუწოდა.

გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ქვეყნის იარაღის მწარმოებელი ქარხნები დაათვალიერა

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კიმის ქმედებები მოსკოვთან შესაძლო სამხედრო თანამშრომლობასთანაა დაკავშირებული. რამდენადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აქტიურად ეძებს უკრაინის ომში მის მხარდამჭერებს თუ მომმარაგებლებს, შესაძლოა, საერთო ინტერესს წარმოადგენდეს ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო და სხვა საბრძოლო მასალის რუსეთისათვის მიწოდება. ორივე მხარე ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები