იტალია

იტალიელი კაცი გრანა პადანოს ყველის ბორბლების ქვეშ მოჰყვა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

xefesenkox/Pond5/IMAGO

74 წლის იტალიელი ჯაკომო კიაპარინი გრანა პადანოს ყველის ბორბლების წაქცევას ემსხვერპლა. რძის პროდუქტების ქარხანაში ყველის ერთი თაროს წაქცევამ დომინოს ეფექტი გამოიწვია, ყველის მრავალი ბორბლის ქვეშ კი იტალიელი კაცი მოყვა. მაშველებმა 12 საათიანი სამაშველო ოპერაციის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

საწყობი 25 ათას გრანა პადანოს ტიპის ყველის ბორბალს ინახავდა, რომელთაგან თითო 40 კილოგრამამდე იწონის.

ჯერჯერობით დაუდასტურებელია, თუ რამ გამოიწვია ყველის თაროების კოლაფსი. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ პირველი თაროს წაქცევა შესაძლოა ტექნიკური ხარვეზით აიხსნას.

ბერგამოს სამაშველო სამსახურის ცნობით, გამოძიებით გაირკვევა ჯაკომო კიაპარინის სიკვდილი ერთმა ყველის ბორბალმა გამოიწვია, თუ ის მრავალი ბორბლის ქვეშ მოყვა და შემდეგ გარდაიცვალა. 

ჯაკომო კიაპარინი აღნიშნული რძის პროდუქტების ქარხნის მფლობელი იყო, რომელიც გრანა პადანოს ყველს აწარმოებს. გრანა პადანო პარმეზანის ტიპის ყველია, თუმცა ის სტანდარტულ პარმეზანზე გაცილებით უფრო მკვრივი და მძიმეა. რძის პროდუქტების ქარხანა ყოველწლიურად 15 ათას გრანა პადანოს ბორბალს აწარმოებს. 

კომენტარები