სტიქია რაჭაში

შამუგია შოვზე: კლდეზვავის მასა და მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა, დაერთო მეწყერი და ღვარცოფი

მთავრობის ადმინისტრაცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განმარტებით, შოვში 3 აგვისტოს სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. 

"დღეს ჩვენ უკვე გვაქვს პირველადი შედეგები. ერთი რამ, რაც შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, არის ის, რომ 3 აგვისტოს ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, პრაქტიკულად, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, შეუძლებელი იყო. 

ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომლებიც გამოწვევაა დღეს მთელი მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში, პრევენცია არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვშიც სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო". - ამბობს შამუგია.  

შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, მაშველებმა სტიქიის ზონაში 18 ცხედარი იპოვეს. დაღუპულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. ცხედრების ნაწილის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება - ვინაობის დასადგენად დნმ-ის ანალიზია საჭირო.  

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.  

კომენტარები