კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო მეუღლეს 18-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა

Justin Tang/The Canadian Press via AP, File

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო და მისი მეუღლე, სოფი გრეგოარ ტრუდო 18-წლიანი ქორწინების შემდეგ შორდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ორივე მათგანის ინსტაგრამის ანგარიშებზე ინგლისურსა და ფრანგულ ენებზე გამოქვეყნდა.

"ბევრი მნიშვნელოვანი და რთული საუბრის შემდეგ დაშორების გადაწყვეტილება მივიღეთ". - ნათქვამია მათ პოსტში. 

ჯასტინ და სოფი გრეგოარ ტრუდოები 2005 წელს დაქორწინდნენ და ჰყავთ სამი შვილი, რომელთაგან უფროსი 15 წლის, ხოლო უმცროსი 9 წლისაა. 

"ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვრჩებით ახლო ოჯახად, ღრმა სიყვარულითა და პატივისცემით ერთმანეთის და ყველაფრის მიმართ, რაც ავაშენეთ და რასაც ვაშენებთ. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენსა და მათ კონფიდენციალურობას". - აღნიშნავს ახლად გაშორებული წყვილი.

კანადის პრემიერის ოფისის გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მომავალ კვირას ტრუდოს ოჯახი დასასვენებლად წასვლას ერთად გეგმავს. ამავე ინფორმაციით, წყვილმა დაშორების თაობაზე იურიდიულ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში სოფი ტრუდო არ ესწრებოდა ისეთ მნიშვნელოვან საჯარო ღონისძიებებს, როგორებიცაა მინისტრთა კაბინეტის ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა და ვილნიუსში NATO-ს ლიდერებისა და მათი მეუღლეებისთვის გამართული სოციალური ვახშამი.

კომენტარები