საქართველო-რუსეთი

საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში მანქანების ექსპორტი შეიზღუდა – შემოსავლების სამსახური

საქართველო-რუსეთის საზღვარი 
Эхо Кавказа

საქართველოდან რუსეთში ამერიკული ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი 1-ელი აგვისტოდან შეზღუდულია. ამის შესახებ ტაბულას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში უთხრეს.  

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი მანქანების რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტი/რეექსპორტი 26 სექტემბრიდან შეიზღუდება, რაც ევროკავშირის მე-11 სანქციების პაკეტით არის გათვალისწინებული.

"1-ლი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში.

ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან, მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი". - ამბობენ შემოსავლების სამსახურში. 

ამასთანავე, 23 ივნისს დამტკიცებული სანქციების პაკეტის მიხედვით, რუსეთში შესვლა 1 900 კუბურ სანტიმეტრზე მეტი მოცულობის მანქანებს და ყველა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილს ეკრძალებათ.

კომენტარები