საქართველო-რუსეთი

დავითაშვილი ბათუმის პორტში პროტესტზე: უპასუხისმგებლო, პოლიტიზებული აქციაა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ბათუმის პორტში გამართულ აქციას გამოეხმაურა. დავითაშვილმა პროტესტს უპასუხისმგებლო და პოლიტიზებული აქცია უწოდა, ოპოზიცია კი დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა.

"არც გემის მფლობელი და არც გემი სანქციებში არ იმყოფება, ეს ერთი. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენს განცხადებებსა და პოლიტიკაში თანმიმდევრული ვიყოთ. თანმიმდევრულობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოში ტურიზმის განვითარებას  [...] ასე რომ, როდესაც ასეთ უპასუხისმგებლო აქციებზე ვსაუბრობთ, რომელიც უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერაა ორგანიზებული - ეს არის სუფთა პოლიტიზებული აქცია. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით, ისინი ახერხებენ, რომ ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებები მოახდინონ და ხელი შეუშალონ არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ, ზოგადად სტაბილურობის უზრუნველყოფას". - ამბობს დავითაშვილი.

31 ივლისს გვიან ღამით ბათუმის პორტში დაწყებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა.

პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ბათუმის პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შორის ერთი უკრაინის მოქალაქეცაა.

31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ ამჯერად საკრუიზო გემზე იმყოფებიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები