საქართველო-აშშ

აშშ-ში კონფერენციას დაესწრო 2 მოსამართლე, რომლებმაც 2022 წელს ჩხიკვაძის გამო ვიზიტზე უარი თქვეს

US Embassy Tbilisi, Georgia

ამერიკის შეერთებული შტატებში საელჩოს ეგიდით მოსამართლეთა კონფერენციას დაესწრო თბილისის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ნაჭყებია და ხათუნა ხარჩილავა, რომლებმაც 2022 წელს აშშ-ში ვიზიტზე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის გამო უარი თქვეს.

მოსამართლეთა 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაში ქართველი მოსამართლეების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. კონფერენცია ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემებს შეეხებოდა და ქალაქ ბალტიმორში გაიმართა.

"მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმებისა და დამცავი ორდერების შესახებ. ვაშინგტონში კი ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო პროცესებს დაესწრნენ. ვიზიტი ქართველი მოსამართლეებისთვის გამართული აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ტურითა და სასამართლოს როლის შესახებ ბრიფინგით დასრულდა". – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

როგორც ტაბულას საელჩოში უთხრეს, ქართველი მოსამართლეებიდან კონფერენციას ესწრებოდნენ ლილი მსხილაძე, ნინო ნაჭყებია, ხათუნა ხარჩილავა, დავით კურტანიძე, მადონა მაისურაძე და მამუკა წიკლაური.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის გაზაფხულზე მოსამართლე ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება. ამასთან, 5 მოსამართლე, რომელიც აშშ-ს საელჩოს პროგრამაში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლესთან, ლაშა ჩხიკვაძესთან ერთად იყო, აშშ-ში ტრენინგზე არ წავიდა. ეს მოსამართლეები იყვნენ ხათუნა ხარჩილავა, ნინო ნაჭყებია, გიზო უბილავა, მაია ქოქიაშვილი და რომეო ტყეშელაშვილი.

კომენტარები