საქართველო-ხორვატია

ხორვატიაში საქართველოს საელჩო გაიხსნება

დღეს, 24 ივლისს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, საქართველოს საელჩო გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატ კოლეგასთან, ანდრეი პლენკოვიჩთან ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ზაგრებში ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო. ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება და კავშირები კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე მინდა ვახსენო, რამდენად ვაფასებთ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამ გზაზე თქვენი შემდგომი აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი გვაქვს".  თქვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში ოფიციალური ვიზიტი იმყოფება, პრემიერმინისტრი საქართველოს საელჩოს გახსნის ცერემონიასაც დაესწრება.

კომენტარები