გერმანია

ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში პოლიცია კატისებრ ცხოველს, სავარაუდოდ, ლომს ეძებს

ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში გერმანული პოლიცია გარეულ ცხოველს ეძებს. სამართალდამცველებს ლომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის, პოლიციის ოფიცერმა მიაწოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ დაინახეს დიდი ზომის კატისებრი ცხოველი, რომელიც სავარაუდოდ, ლომი იყო.

ამავდროულად, Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კლაინმახნოვის ტყეში ლომი ჩანს. პოლიციის ვერსიით, ჩანაწერი ავთენტურია. სამართალდამცველები მოქალაქეებს ცხოველის პოვნამდე, სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თუ დადასტურდა, რომ გარეული ცხოველი მართლაც ლომია, გაუგებარია საიდან მოხვდა ის კლაინმახნოვის ტყეში – ადგილობრივი ზოოპარკები, ცხოველთა თავშესაფრები და ცირკები ამბობენ, რომ მათი ტერიტორიიდან ლომი არ დაკარგულა.

ადგილობრივი პოლიციის სპიკერმა ტელეკომპანია RBB-ის ეთერში აღნიშნა, რომ "ზაფხულობით ხშირად შემოდის შეტყობინებები, თითქოს საცურაო ტბებში ნიანგები შენიშნეს, შემდეგ კი ირკვევა, რომ უბრალოდ დიდი ზომის იხვი იყო. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს სრულებით რეალურია. საქმე გვაქვს ლომთან, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ტელტოვის, შტანსდორფის და კლაინმახნოვის რეგიონებში". 

სამართალდაცველების თქმით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენებიც. ასევე, პროცესში მონაწილეობენ ტრანკვილიზატორის იარაღის მქონე ვეტერინარები და მონადირეები.

ადგილობრივი ხელისუფლება ამჟამად მიიჩნევს, რომ ცხოველს შესაძლოა რომელიმე ტყიან ადგილას სძინავს.

კომენტარები