ჯეინ ბირკინი

76 წლის ასაკში მომღერალი და მსახიობი, ჯეინ ბირკინი გარდაიცვალა

ჯეინ ბირკინი

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 76 წლის ასაკში მომღერალი და მსახიობი, ჯეინ ბირკინი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს საფრანგეთის კულტურის სამინისტროც. BFMTV-ის ცნობით, ბირკინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი მომვლელმა იპოვა. 

ჯეინ ბირკინმა კარიერა მსახიობობით დაიწყო. 1966 წელს მან მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებში: ფოტოგადიდება და კალეიდოსკოპი.

1968 წელს ბირკინმა სერჟ გენსბურთან ერთად მონაწილეობა მიიღო რომანტიკულ ფილმში სლოგანი, რამაც მათ შორის ხანგრძლივ თანამშრომლობასა და სასიყვარულო ურთიერთობას დაუდო საფუძველი. 1969 წელს წყვილმა, როგორც მუსიკალურმა დუეტმა, სადებიუტო ალბომი გამოუშვა ჯეინ ბირკინი/სერჟ გენსბური. სიმღერამ ცხადი სექსუალური შინაარსის გამო სკანდალი გამოიწვია და იტალიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს რადიოსადგურების მიერ აიკრძალა.

1980 წელს გენსბურთან დაშორების შემდეგ, ბირკინმა მოღვაწეობა როგორც კინოს, ასევე მუსიკის სფეროში განაგრძო. მან არაერთი სოლო ალბომი ჩაწერა და მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1998 წელს ბირკინმა ითამაშა ფილმში ჯარისკაცის ქალიშვილი არასდროს ტირის. 2016 წელს მან მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში La femme et le TGV, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მოიპოვა.

ჯეინ ბირკინს ეკუთვნის არაერთი ალბომი, მათ შორის:  Baby Alone in BabyloneAmours des FeintesLolita Go Home და Rendez-vous. 1992 წელს ის Victoires de la Musique-ის დაჯილდოებაზე წლის ქალ არტისტად დასახელდა.

ჯეინ ბირკინის ინსპირაციით შეიქმნა ცნობილი ბირკინის ჩანთებიც. 

2021 წლის სექტემბერში ბირკინმა ინსულტი განიცადა, რის გამოც იძულებული გახდა კონცერტების გაეუქმებინა. შემდეგ მას 2022 წელს მხრის მოტეხილობის გამო მოუწია დანიშნული ღონისძიებების გადადება.  

"მე ყოველთვის დიდი ოპტიმიზმით გამოვირჩეოდი და მესმის, რომ კიდევ ცოტა დრო მჭირდება იმისთვის, რათა სცენაზე დავდგე და თქვენთან ერთად ვიყო. მე უზომოდ მიყვარს თქვენთან ყოფნა". - აღნიშნა კონცერტების გაუქმების შემდეგ ბირკინმა.  

ჯეინ ბირკინის ბოლო კონცერტი 2023 წლის 22 ივნისს, პარიზში გაიმართა. 

კომენტარები