იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავასა და მის მძღოლს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ელჩი Twitter-ზე წერს და თავდასხმის ამსახველ კადრებს ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს თავდამსხმელი მანქანაში შეჭრას.
თეიმურაზ ლეჟავას თქმით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ამ შემთხვევამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ძალადობა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნებადართული". - წერს ელჩი და მადლობას უხდის საგამოძიებო პროცესში ჩართულ პირებს.
იაპონური მედიის ცნობით, ინციდენტი იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თავდამსხმელმა საკუთარი მანქანა საქართველოს ელჩის ავტომობილის წინ გააჩერა, მძღოლის მხრიდან მისი მანქანის კარი გამოხსნა და მგზავრების მანქანიდან გამოყვანა სცადა.
ლეჟავას თქმით, თავდამსხმელი ყვიროდა და ეკითხებოდა, თუ რომელი ქვეყნიდან იყო. ამის საფუძველზე სავარაუდოა, რომ მისთვის მგზავრების დიპლომატიური საქმიანობა ცნობილი იყო. ელჩი დაზუსტებით ვერ ამბობს, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული თავდასხმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.





