14 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას ირანული წარმოების 17 დრონით შეუტიეს - მათგან 16 სამიზნე უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტების შეტევა 13 ივლისის საღამოდან დილის 4 საათამდე, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან გრძელდებოდა. ასევე, უკრაინელებმა გასულ ღამეს ჩამოაგდეს სადაზვერვო დრონიც.
ასევე, დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი ლისაკის ცნობით, გასულ ღამეს ოლქს რუსებმა დრონებით შეუტიეს. უკრაინელებმა 6 შაჰედის დრონის მოგერიება შეძლეს. ლისაკის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვამ ყველა საჰაერო სამიზნის განადგურება ვერ შეძლო, რის გამოც, ერთი ადმინისტრაციული შენობა დაინგრა, სამი კი - დაზიანდა. დაშავდა ასევე 56 წლის მამაკაცი.
გარდა ამისა, მტერმა შეუტია სინელნიკოვსკის რაიონს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საწყობი, კერძო სახლი და ელექტროგადამცემი ხაზი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, 13-14 ივლისს უკრაინის საჰაერო ძალებმა რუს ოკუპანტებზე 20-მდე ჯგუფური საჰაერო დარტყმა განახორციელეს.





