ბაიდენი: G7-ის დეკლარაცია უკრაინის დიდხნიან მხარდაჭერას უზრუნველყოფს

ვილნიუსის სამიტის ფარგლებში გამართული G7-ის ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა.
Kacper Pempel/Reuters

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, დიდი შვიდეულის წევრები ამზადებენ საერთო დეკლარაციას, რათა ცხადი გახდეს, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა მომავალში დიდი ხნით გაგრძელდება.

"ეს იწყებს პროცესს, რომლითაც ჩვენი ქვეყნები და სხვა სახელმწიფოები, ვისაც მონაწილეობის სურვილი ექნება, მოლაპარაკებებს გამართავენ ხანგრძლივ ორმხრივ უსაფრთხოების ვალდებულებებზე უკრაინასთან და მის მიმართ. ჩვენ უკრაინას დავეხმარებით მიწაზე, ცასა და ზღვაზე ძლიერი, საიმედო თავდაცვის შენებაში... ეს იქნება რეგიონში სტაბილურობის ძალა და შემაკავებელი ნებისმიერი, ყველა საფრთხისთვის". – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მანამ დაეხმარებიან, სანამ საჭირო იქნება.

ვილნიუსის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ღონისძიება უკრაინისთვის "მნიშვნელოვანი წარმატება" იყო. მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ უკრაინის დელეგაცია სახლში უსაფრთხოების გარანტიებით დაბრუნდებოდა.

ვილნიუსის სამიტზე უკრაინას NATO-ში გაწევრიანების მიწვევა არ მიუღია, თუმცა G7 გარკვეული უსაფრთხოების გარანტიების გადაცემას გეგმავს. ალიანსის პოზიცია, რომ უკრაინა მათი წევრი გახდება, უცვლელია.

კომენტარები