ბელარუსი პოლიტპატიმრები

არტისტი და პოლიტპატიმარი, რომელმაც ლუკაშენკოს ოფისთან ნეხვი დაყარა ციხეში გარდაიცვალა

57 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი ალეს პუშკინი, რომელიც ბელარუსის ციხეში ხუთწლიან პატიმრობას იხდიდა. მისი ცოლის, იანინა დემუხის თქმით პუშკინი "გაურკვეველ ვითარებაში" ციხის რეანიმაციაში გარდაიცვალა.

პუშკინი ბელარუსი ფერმწერი, თეატრის მხატვარი, პერფორმერი და არტ-კურატორი იყო, რომელიც 2021 წლის მარტში დააკავეს. მიზეზი საკუთარ გამოფენაზე ანტისაბჭოთა მოღვაწის, ევგენი ჟიხარის პორტრეტის გამოფენა გახდა. მხატვარი "ნაციზმის რეაბილიტაციაში" დაადანაშაულეს, მიუხედავად იმისა, რომ იგივე პორტრეტი 2014 წლის გამოფენაზეც იყო გამოტანილი. დაკავებიდან ერთ წელში პუშკინი სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფასა და მტრობის გაღვივებაში ბრალდებულად ცნეს და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პუშკინის ყველაზე ცნობილი პერფორმანსია ჩირქი პრეზიდენტისთვის. 1999 წელს მხატვარმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ნეხვით სავსე ურიკა მიიტანა, რომელსაც დევალვირებული რუბლები მოაყარა, დაადო ბელარუსის კონსტიტუცია, ალექსანდრ ლუკაშენკოს პორტრეტი, რომლებიც ფიწლით გახვრიტა. პერფორმანსისთვის პუშკინს ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

ალეს პუშკინს აკავებენ პერფორმანსისთვის "ჩირქი პრეზიდენტისთვის", 1999 წელი

მხატვრის გარდაცვალებას გამოეხმაურა ბელარუსული დემოკრატიული ძალების ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია.

"ბელარუსმა დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და უშიშარი შვილი. ალეს პუშკინი ბელარუსი ხალხის უდრეკი სულის განსახიერება იყო. ის მოკვდა როგორც რეჟიმის პოლიტპატიმარი და პასუხისმგებლობა ეკისრება ციხეს, ლუკაშენკოს და მის თანამზრახველებს". – წერს ტიხანოვსკაია.

კომენტარები