რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინას შორი მანძილის რაკეტებს გაუგზავნის – მაკრონი

SCALP-ის ტიპის რაკეტა ფრანგულ ავიაგამანადგურებელზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა NATO-ს ვილნიუსის სამიტის დაწყების წინ თქვა, რომ, მისი გადაწყვეტილებით, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემენ.

"გადავწყვიტე გავზარდოთ შეიარაღებისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებს სიღრმისეული იერიშების მიტანა შეეძლოთ". – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია თუ რამდენ რაკეტას გადასცემენ უკრაინას.

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი იმუქრება, რომ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის "შედეგები" მოჰყვება და საპასუხო ზომებს მიიღებენ.

მაისის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა ბრიტანულ-ფრანგული წარმოების Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც ასევე, ფრანგულ შეიარაღებულ ძალებში, ცნობილია, როგორც SCALP-ი. სავარაუდოდ, მაკრონიც სწორედ ამ რაკეტებზე საუბრობდა.

ამ ტიპის ფრთოსანი რაკეტების რადიუსი 250 კილომეტრია. გასულ თვეებში უკრაინას ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში Storm Shadow-ების მეშვეობით სამიზნეებზე იერიშები მიჰქონდა.

Storm Shadow-ს ტიპის რაკეტა მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით ჩამოუვარდება ამერიკულ ATACMS-ის ტიპის რაკეტას, რომელსაც უკრაინა დიდი ხანი ითხოვს.

 

კომენტარები