მეუფე შიო

პაპუაშვილი: მეუფე შიოზე შეტევებს ვხედავდით, ჩანს, ახლა ვიღაცას უნდოდა, საქმეზე გადასულიყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მეუფე შიო მუჯირზე საუბრისას ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პერსონალური შეტევები იყო და, "როგორც ჩანს, ახლა ვიღაცას უნდოდა, საქმეზე გადასულიყო".  

"ვნახოთ, თუ დადასტურდა [მოწამვლის მცდელობა] ძალიან მძიმე ფაქტი არის, თუკი ასეთი მცდელობა იყო. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ არის ეჭვები, თუმცა დადასტურებული არ არის. სამწუხარო და შოკისმომგვრელია, ჩვენ რასაც ვისმენთ, თუ ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებსა და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით და, როგორც ჩანს, ახლა ვიღაცას უნდოდა, საქმეზე გადასულიყო. ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდები - ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ საქმით.

მე იმედი მაქვს, არ დადასტურდება, რომ იყო რაიმე განზრახვით ქმედება, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის". - ამბობს შალვა პაპუაშვილი 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ ესხმოდა თავს მეუფე შიოს, იყო თუ არა ეს ოპოზიცია, პაპუაშვილი პასუხობს: 

"ვერ გეტყვით ახლა, არ დავაკონკრეტებ. ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტი არის და ყველამ შეიძლება ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე. ჩვენს ისტორიაში ეს პირველად არ ხდება". 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებებია და მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტია. თუმცა, როგორც მეუფე ანდრია ამბობს, პატრიარქის მოსაყრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა "ნორმალურია" და დაზუსტებით სხვა დეტალების თქმა ჯერ რთულია.   

"ნაწილობრივ შეიძლება საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა". - დაწერა ჯაღმაიძემ პატრიარქის მოსაყდრის მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.  

თუმცა, როგორც მან მანამდე ტაბულას უთხრა, საკითხზე საჯაროდ "მრავალი უზუსტობა ითქვა".

კომენტარები