ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საგარეჯოში დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

საგარეჯოში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღეს, 6 ივლისს საგარეჯოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადამიანთა ჯგუფმა მათი მიმართულებით ქვები და ბოთლებიც ისროლა. ენმ-ის წარმომადგენლები საგარეჯოში პენსიონერებთან შესახვედრად იმყოფებიან. ინციდენტი კი სწორედ ამ შეხვედრის დაწყებამდე მოხდა, როდესაც ადგილზე აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი გამოჩნდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ეს ადამიანები ადგილზე ქართულის ოცნების ორგანიზებით შეიკრიბნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ შორის არიან საჯარო მოხელეებიც.

პენსიონერებთან შეხვედრის დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს სიტყვიერად და ფიზიკურად 30 ივნისს, კასპშიც დაუპირისპირდნენ. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ, იყვნენ კასპის, გორის, ხაშურისა და ქარელის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები. 

კომენტარები