ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საგარეჯოში ენმ-ის წევრებს, მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს

ფორმულა/Formula

საგარეჯოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადამიანთა ჯგუფმა მათი მიმართულებით ქვები და ბოთლებიც ისროლა. ენმ-ის წარმომადგენლები საგარეჯოში პენსიონერებთან შესახვედრად იმყოფებიან. ინციდენტი კი სწორედ ამ შეხვედრის დაწყებამდე მოხდა, როდესაც ადგილზე აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი გამოჩნდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ეს ადამიანები ადგილზე ქართულის ოცნების ორგანიზებით შეიკრიბნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ შორის არიან საჯარო მოხელეებიც.

"ეს არის სუს-ის, ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციონერებზე [...] არაერთი ქვა გვესროლეს, ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებენ [...] აქ არიან საჯარო მოხელეები, მერიის, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები. საგარეჯო დიდი რაიონი არ არის და ყველა ყველას ცნობს". - ამბობს ენმ-ის წევრი, ირაკლი ნადირაძე ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში. 

ინციდენტის დროს დაზიანება მიიღეს ჟურნალისტებმაც. მთავარი არხის ჟურნალისტის, ია გულიაშვილის თქმით, ერთი-ერთი ნასროლი ქვა მასაც მოხვდა. გულიაშვილი ამბობს, რომ აგრესიულად განწყობილი ადამიანები მათ მუშაობაში ხელს უშლიდნენ და მისივე განცხადებით, ადგილზე შეკრებილმა პირებმა არხის ტექნიკაც დააზიანეს.

პენსიონერებთან შეხვედრის დროს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს სიტყვიერად და ფიზიკურად 30 ივნისს, კასპშიც დაუპირისპირდნენ. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ, იყვნენ კასპის, გორის, ხაშურისა და ქარელის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები. 

ხაბეიშვილის თქმით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომ საპენსიო ასაკმა დაიწიოს და ყველასთვის 60 წელი გახდეს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ როდესაც საპენსიო ასაკი 60 წელი გახდება, მინიმალური პენსია 400 ლარი უნდა იყოს.

კომენტარები