მასობრივი აქციები საფრანგეთში

საფრანგეთში კრიზისული ვითარების დროს სოციალურ მედიაზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავენ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საპროტესტო აქციების ფონზე საფრანგეთის მთავრობა სამომავლოდ კრიზისულ სიტუაციებში სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კონტროლის მიზნით შეზღუდვების დაწესებას განიხილავს. 

მაკრონის თქმით, ახალგაზრდა თაობა სოციალურ მედიას, როგორიცაა Snapchat-ი და TikTok-ი არეულობისა და ძალადობის ორგანიზების მიზნით იყენებს. 

"ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, როგორ იყენებენ ახალგაზრდები სოციალურ ქსელებს… როდესაც მდგომარეობა კონტროლს აღარ ექვემდებარება, შესაძლებელია მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება ან მისი [სოციალური მედიის] გამოყენების აკრძალვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, გადაწყვეტილება კრიზისულ სიტუაციაში ცხელ გულზე არ უნდა მივიღოთ და მიხარია, რომ ეს არც მოგვიწია. ვფიქრობ, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, როდესაც კრიზისი ჩავლილი იქნება". - აღნიშნა მაკრონმა შეხვედრაზე, რომელსაც საფრანგეთის 20-მდე ქალაქის მერი ესწრებოდა. 

ასობით დაკავებული, დამწვარი მანქანები, დაზიანებული შენობები – რა ხდება საფრანგეთში?

საფრანგეთში გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა ალჟირელი და მაროკოელი წარმოშობის 17 წლის ფრანგ მოზარდს სასიკვდილოდ ესროლა.

27 ივნისს მას შემდეგ, რაც პოლიციელმა უიარაღო მოზარდი მოკლა, ფრანგულმა მედიამ, პოლიციის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა, ყვითელი მერსედესის ტარებისას პოლიციელებს შეეჯახა, რის გამოც ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ესროლა.

თუმცა, მალევე Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებდა; როგორც ირკვევა, მოზარდი ორმა პოლიციელმა გააჩერა, მათგან ერთ-ერთს იარაღი ხელში ეჭირა. 17 წლის მოზარდი გაქცევას ცდილობდა და უცებ გასროლის ხმა გაისმა. პოლიციელმა გამომძიებელს უთხრა, რომ მძღოლის გაჩერებას ცდილობდა, რადგან ეშინოდა, რომ თუ მოზარდი მიმალვას შეძლებდა საფრთხეს შეუქმნიდა მას და მის კოლეგას.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 17 წლის მოზარდის მკვლელობა არის საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების ღრმად ფესვგადგმული რასიზმის ილუსტრაცია. პროტესტში ჩართული ადამიანების აზრით, სახელმწიფო უწყებებიდან არათანაბარი მოპყრობის მსხვერპლი ძირითადად შავკანიანები და ღარიბ უბნებში მცხოვრები მიგრანტი არაბები არიან. 

შაბათს, პირველ ივლისს მოზარდის დაკრძალვის დღეს პოლიციამ 700-ზე მეტი ადამიანი დააკავა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გვიან ღამით მარსელში აქციის მონაწილეებმა ქუჩების დარბევა დაიწყეს. მეორე დღეს, უკვე ორი ივლისისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 78 ადამიანი დააკავეს და საბოლოოდ პროტესტისას დაკავებულთა რიცხვმა 3 000-ს გაადაჭარბა. ძალადობის შედეგად დაშავდა ასობით პოლიციელი და მეხანძრე, დაიწვა 577 მანქანა და 74 შენობა, გზებზე კი 871 ხანძრის ლიკვიდირება გახდა საჭირო.

კომენტარები