ოკუპირებული აფხაზეთი

პატარაია ხვიჩიაზე: ჩვენს ქონებასაც მიადგა აფხაზეთში, ბაბუამისის ქონება გაანიავოს

აფხაზთა კრების თავმჯდომარე მალხაზ პატარაია გირჩის დეპუტატის, იაგო ხვიჩიას "აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენის გეგმას" ეხმაურება - ხვიჩიამ გირჩი TV-ის გადაცემაში თქვა, რომ მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი საკუთრებაზე კონფლიქტებია. გირჩის დეპუტატის აზრით, საკუთრებაზე დავები "აფხაზურმა სასამართლომ" უნდა განიხილოს, "წაგებულ მხარეს" კი - სადავო ქონების იდენტური ან მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება გადასცეს. 

"იაგო ხვიჩიას მორიგ ჯერზე გამოუბრწყინდა დაბანგული გონება და მორფეუსის ზმანებაში შობილი ახალი ნაცოდვილარი გაგვიცხადა. ადრე ხომ დევნილების სტატუსს გვიუქმებდა, ახლა ჩვენს ქონებასაც მიადგა აფხაზეთში, ისიც ჩამოგვართვა იმიტომ, რომ იქ ჩვენი სახლ-კარის მიმთვისებელ ყაჩაღს შვილები გაუჩნდა და ეს უკვე ქონებაზე მათი უფლების წარმოშობას ნიშნავსო. თურმე, დავა ე.წ.აფხაზურმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან დამოუკიდებელი იქნება, აფსუა მოსამართლეებით, ხოლო წაგებულ მხარეს უფრო მეტი კომპენსაცია უნდა მიეკუთვნოს.

არ მეგონა, ასეთი უწიგნურიც რომ იყო ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებში. მით უფრო, საკუთრების უფლებაში, რომელსაც დიდი ხანია კაცობრიობა ადამიანის უმაღლესი რანგის ბუნებით უფლებად თვლის სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებასთან ერთად. უკვე არაფერს ვამბობ რუსეთის აგრესიაზე, ოკუპაციაზე, მის მიერ მოწყობილ ქართველების გენოციდზე, ზოგადად სახელმწიფოს იურისდიქციასა და ვალდებულებზე, სასამართლოს, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს გაგებაზე. სულ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით წყალს გააყოლა. თუმცა, ამ შემადგენლობის პარლამენტში უკვე არაფერია გასაკვირი.

ნახსენებ უმეცრებას დეპუტატმა წარმოუდგენელი მკრეხელობაც მიაყოლა. სოხუმის ფაშისტურ საოკუპაციო რეჟიმს მომავალში არათუ საკუთარი "სასამართლო“ და "კანონი“, არამედ უკვე მიღებული "სამართლებრივი აქტების“ ჩვენგან ცალმხრივად ცნობა შესთავაზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იაგო შეჩვენებულს ოკუპირებული ტერიტორიების კანონის გაუქმება და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება განუზრახავს. ეს უკვე ზმანებებითა და უცოდინრობით ძნელად აიხსნება, დავალებას ჰგავს. როგორც ჩანს, საოკუპაციო ხაზზე შარვალ-ნიფხავ ჩახდილი და მტერზე უკანალმიშვერილი იაგოების გზავნილი იქით ჯეროვნად შეაფასეს და მისი რეალიზაციაც მალე მოახდინეს.

ადრე უკვე ვუპასუხე ამ "გირჩელის“ უნამუსო გამოხტომას და ასე დავიწყე: იაგო უბედურო! ახლა ვაგრძელებ: ბაბუაშენის ქონება გაანიავე, შენი ოჯახისა და სანათესავოს მაოხარი თუ გყავს ვინმე, ისინი აჯილდოვე ასე, ქვეყანას, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს, ჩვენ - გადარჩენილებს და ჩვენს შვილებს კი თავი გაგვანებე; საღორე გექნება სახლში და იმის საკუთრება ამტკიცე შენი იქ დაბადებით თუ დაუბადებლობით, იაგო ცვედანო, თეიმურაზხევისთავო გარეწარო" - წერს მალხაზ პატარაია.

გირჩის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გირჩი TV-ის ეთერში აღნიშნა, რომ აფხაზეთში "ერთი მხარე გვყავს ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს იქ საკუთრება სრულიად უსამართლოდ და მეორე მხრივ, გვყავს ადამიანები, რომლებმაც მიიღეს საკუთრება ასევე სრულიად უსამართლოდ. მაგრამ დღეს არიან იქ ადამიანები, შეიძლება, თაობა შეცვლილია, რომლებიც საერთოდ იქ დაიბადნენ, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ ადრე და "თუ იქ დავიბადე, მე სამართლიანად მაქვს მიღებული". თუ ვინმე მეტყვის, რომ
მე სადაც დავიბადე, ის ადგილი სამართლიანად არ მეკუთვნის, ეგ არასწორია ჩემი აზრით". 

იაგო ხვიჩიას თქმით, "უნდა მოვიფიქროთ ისეთი ტიპის წესრიგი, სადაც რაღაცნაირად განეიტრალებული ან შერბილებული იქნება საკუთრებითი დავები ერთმანეთთან, იმიტომ, რომ ეს არის დაუსრულებელი კონფლიქტის წყარო". გირჩის პოზიციაა, რომ ქონებას არავის წაართმევენ იძულებით.

"ანუ არცერთ აფხაზთან არ მივდივართ და არ ვეუბნებით, რომ "შენ გამოდი შენი სახლიდან, ეს ქართველების სახლი იყო". პირიქით, ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ქონებრივი საკითხის გადასაწყვეტად ვენდობით არა ჩვენს სასამართლოს, მურუსიძის სასამართლოს, არამედ, ვენდობით აფხაზურ სასამართლოს, ოღონდ ერთ პირობით, დავის განხილვის შემთხვევაში, წაგებული მხარე სახელმწიფო ქონებიდან, რაც არის ტერიტორიის 90%, მიიღებს არანაკლებ, შეიძლება უფრო მეტის ღირებულების ქონებას, ვიდრე სადავო ქონება იყო.

როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს აფხაზურმა სასამართლომ ის კონკრეტული საქმე, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მეორე მხარეს ანუ "წაგებულ მხარეს" საკონპენსაციოდ უფრო მეტი ან იდენტური ქონება აქვს, ვიდრე იმას, რაზეც დაობდა. ამით, ჩემი აზრით, ყველა დავა თავისი შინაარსით დაკარგავს დავის მთავარ პრობლემას - კონფლიქტის, წაგებული არავინ არ არის" - თქვა ხვიჩიამ.

გირჩის დეპუტატის აზრითვე, "ჩვენ ცალმხრივად უნდა ვცნოთ მათ მიერ მიღებული დოკუმენტები".

"აი, ცალმხრივად, მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებენ, ამწუთას რასაც იღებენ, უბრალოდ, უნდა ვცნოთ ეს და ადამიანებს მიმოსვლის და ვაჭრობის საშუალება უნდა მივცეთ, ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია" - ამბობს იაგო ხვიჩია.

კომენტარები