საქართველო-NATO

საქართველოს ხელისუფლებას NATO-ს წევრობის არ სჯერა – კაია კალასი

Ints Kalnins/Reuters

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზე NATO-ში გაწევრიანებისა და ევროინტეგრაციის მიმართ.

კალასის თქმით, დღეს საქართველო არის იქ, სადაც წლების წინ უკრაინა იყო, როცა ნარინჯისფერი რევოლუცია მოხდა.

"უკრაინასა და საქართველოს შორის განსხვავება არის ის, რომ, ჩემი აზრით, საქართველო არის იქ, სადაც უკრაინა წლების წინ იყო, როცა ნარინჯისფერი რევოლუცია მოხდა. ისინი ასევე ფართოდ მიიჩნევენ ევროპას საკუთარ მომავლად, მაგრამ ეს მათი მხრიდან რეფორმებსაც მოითხოვს. ჩემი აზრით, რთული ურთიერთობაა, მთავრობასა და ქუჩაში გამოსულ ხალხს შორის. ჩვენ ამას ყურადღებით ვადევნებთ თვალს". – თქვა  კალასმა.

კალასის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას NATO-ში გაწევრიანების არ სჯერა და ამ დღის წესრიგს არც მიჰყვებიან. მან ხაზი გაუსვა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებსაც, თითქოს უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება იყო. ესტონეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თვით კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმაც კი აღიარა, რომ ეს ცრუ ნარატივი იყო.

"[უკრაინა და საქართველო NATO-ს მიმართებით სხვადასხვა გზებზე წავიდნენ] რადგან, ჩემი აზრით, საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას ამის (NATO-ს წევრობის) არ სჯერა, ისინი ამ დღის წესრიგს დიდად არ მიჰყვებიან... Globsec-ის კონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ უკრაინის ომში დამნაშავე NATO-ა. ეს თავდაცვითი ალიანსია, NATO-ს არაფერი გაუკეთებია. უკრაინას რეალურად არაფერი გაუკეთებია რუსეთის პროვოცირებისთვის, რომ თავს დასხმოდნენ. პრიგოჟინმაც კი თქვა, რომ ეს ცრუ ნარატივი იყო". – თქვა კალასმა.

23 ივნისს, აჯანყების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ევგენი პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ატყუებდა, თითქოს უკრაინა, NATO-სთან ერთად რუსეთზე თავდასხმას აპირებდა.

კომენტარები